ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრი დიოსდადო კაბელო ერს – მშვიდობის შენარჩუნებისა და ლიდერების ნდობისკენ, მსოფლიოს კი აშშ-ის მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისკენ მოუწოდებს.
ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრმა თავდასხმას კრიმინალური და ტერორისტული უწოდა და აღნიშნა, რომ ის იმ ადამიანების წინააღმდეგაც იყო მიმართული, რომლებიც ბოლივარიულ რევოლუციასთან კავშირში არ არიან.
„ჩვენი ხალხის, ჩვენი მშობლიური მიწების, ელექტროსადგურების, ბოლივარიული რევოლუციის და იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ბოლივარიულ რევოლუციასთან კავშირში არ არიან, კრიმინალური და ტერორისტული თავდასხმის შედეგად მიყენებული ზიანის შეფასების შემდეგ ეს არის თავდასხმა ვენესუელაზე, ვენესუელის ბოლივარიულ რესპუბლიკაზე. ვთხოვ ხალხს, შეინარჩუნონ სიმშვიდე. ენდეთ ჩვენს სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერებს იმ სიტუაციაში, რომლის წინაშეც ვიმყოფებით. დამშვიდდით, არავინ უნდა ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში, არავინ უნდა გაუადვილოს საქმე ჩვენს დამპყრობელ მტერს. მსოფლიომ ამ თავდასხმის შესახებ უნდა ისაუბროს. გაასაჯაროებენ თუ არა საერთაშორისო ორგანიზაციები დამპყრობლების ამ თავდასხმაში თავიანთ თანამონაწილეობას?“ – განაცხადა დიოსდადო კაბელომ და იქვე აღნიშნა, რომ საბოლოოდ მაინც ვენესუელა გაიმარჯვებს.
გავრცელებული ცნობით, აშშ-ის სამხედროებმა ვენესუელაში სამხედრო ბაზები, ქვეყნის მთავარი პორტი და პარლამენტის შენობა დაბომბეს.
ვენესუელის მთავრობამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ვენესუელის მთავრობამ აშშ თავდასხმაში დაადანაშაულა და „სამხედრო აგრესია“ დაგმო, ამ აგრესიის მიზნად კი ვაშინგტონის მიერ ქვეყნის ნავთობისა და მინერალების მითვისების სურვილი დაასახელა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.

