უკრაინაში მშვიდობის დამყარების პროცესის გარკვეულ ეტაპზე, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები შედგება, რომლებშიც მონაწილეობას ევროკავშირიც მიიღებს. ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა სპიკერმა, პაულა პინიომ განაცხადა.
„ჩვენ დაჟინებით ვმუშაობთ უკრაინაში მშვიდობისთვის. ამჟამად მშვიდობა უკრაინაში ერთადერთ ადამიანზეა დამოკიდებული – ეს, როგორც თქვენ კარგად იცით, პრეზიდენტი პუტინია. ამიტომ, აშკარაა, რომ გარკვეულ მომენტში მოლაპარაკებების გამართვა პრეზიდენტ პუტინთანაც მოგვიწევს“, – აღნიშნა პაულა პინიომ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამასობაში ამ მიმართულებით „ბევრი სამუშაო მიმდინარეობს“.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშანს იმისა, რომ პრეზიდენტი პუტინი ასეთ მოლაპარაკებებში მონაწილეობას აპირებს. ამიტომ, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ ამ ეტაპზე. თუმცა, გარკვეულ მომენტში, ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ შედგება მსგავსი მოლაპარაკებები, რომლებიც საბოლოო ჯამში უკრაინაში მშვიდობამდე მიგვიყვანს“, – დასძინა მან.

