მე გულწრფელად ვსაუბრობ და ხალხს უკიდურესად რთული ვითარების შესახებ ვაფრთხილებ და არ მაინტერესებს რეიტინგები ან ილუზორული არჩევნები, – ასე ეხმაურება კიევის მერი ვიტალი კლიჩკო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ დედაქალაქში „ძალიან ცოტა რამ გაკეთდა“ ენერგეტიკულ სისტემაში საგანგებო სიტუაციისთვის მზადებისას.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, რომ ის, როგორც მერი, ასევე ველა საქალაქო სამსახური ყველაფერს აკეთებენ, რათა ელექტროქსელში საგანგებო სიტუაციის დროს ქალაქის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უზრუნველყოფა შეინარჩუნონ.
„როგორ „ინტენსივობას“ ვერ ხედავს პრეზიდენტი კიევის საგანგებო რეაგირებაში, განსაკუთრებით ბოლო დღეებში, როგორც მან აღნიშნა? როდესაც დამანგრეველი თავდასხმის შემდეგ, 6 000 სახლიდან მხოლოდ 400 რჩება ელექტროენერგიის გარეშე რამდენიმე დღეში? როდესაც კომუნალური მომსახურების თანამშრომლები თებერვლის სიცივეში 24 საათის განმავლობაში მუშაობენ მტრის მიერ დაზიანებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, რათა აღადგინონ გათბობა და წყალი ადამიანებისთვის? როდესაც ენერგეტიკოსები, რომლებიც ასევე 24/7 მუშაობენ, ცდილობენ კიევის მაცხოვრებლების სახლებში ელექტროენერგიის აღდგენას სულ მცირე რამდენიმე საათით?“, – აღნიშნა კლიჩკომ.
კიევის მერმა აღნიშნა, რომ ასეთი განცხადებები, პირველ ყოვლისა, ათასობით ადამიანის, სპეციალისტის თავდადებულ შრომას უარყოფს. კლიჩკომ თქვა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს საჯაროდ პასუხობდა, რადგან ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მათ შორის შეხვედრა არ ყოფილა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში არსებული ენერგეტიკული კრიზისის გამო გუშინ საგანგებო სხდომა გამართა. უკრაინის პრეზიდენტმა მთავრობას დაავალა, კომენდანტის საათის წესებს გადახედოს. ამასთან, ზელენსკის თქმით, ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდება, რაც მთავრობას მეტ შესაძლებლობას მისცემს. როგორც ზელენსკიმ განმარტა, გაიზრდება ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობები.

