ევროპელი ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ევროპელი მოკავშირეებისთვის მზარდი ტარიფების დაწესებას შეცდომას უწოდებენ. მათი მტკიცებით, საკითხი არა სიტყვიერ ან ეკონომიკურ ომს, არამედ ერთობლივ მუშაობას მოითხოვს.
„ეს შანტაჟია და ამის საჭიროება არ არის. ეს ვერაფრით ეხმარება ნატოს და თავად გრენლანდიას. ფაქტობრივად, ტარიფების შემოღების ახსნა შეუძლებელია. მოკავშირეები ერთმანეთს ასე არ უნდა ექცეოდნენ“, – განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ვან ვილი.
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი კი მხარეებს დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს.
„ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს წვლილი შეიტანონ გრენლანდიის უსაფრთხოებაში, შეცდომად მივიჩნევ და ასეთ მიდგომას არ ვიზიარებ. არსებობს არასათანადო გაგებისა და კომუნიკაციის პრობლემა, რადგან ევროპის ქვეყნების მიერ გრენლანდიაში სამხედროების გაგზავნის ინიციატივა არ უნდა განიხილებოდეს ანტიამერიკულ კონტექსტში. საჭიროა ერთად მუშაობა, დიალოგთან დაბრუნება და ესკალაციის დაუშვებლობა“, – განაცხადა მელონიმ.
კომენტარი ამ საკითხზე ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ გრენლანდიაში აშშ-ის შეჭრა ვლადიმერ პუტინს გააბედნიერებს.
„თუ გრენლანდიის საკითხზე გავამახვილებთ ყურადღებას, უნდა ვთქვათ, რომ ამ ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების შეჭრა ვლადიმერ პუტინს ყველაზე ბედნიერ ადამიანად აქცევს. რატომ? იმიტომ რომ ეს უკრაინაში მისი შეჭრის ლეგიტიმაცია იქნება. თუ შეერთებული შტატები ძალას გამოიყენებს, ეს ნატოსთვის სიკვდილის ზარი იქნება. პუტინი ორმაგად ბედნიერი იქნება“, – განაცხადა სანჩესმა.
