შოკისმომგვრელია, მაგრამ გაერთიანებული სამეფო გეგმავს დიეგო-გარსიას კუნძულის გადაცემას მავრიკისთვის, ეს არის დიდი სიბრიყვე და კიდევ ერთი მაგალითი, რატომ არის აუცილებელი გრენლანდიის დაუფლება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
ტრამპის თქმით, გაერთიანებული სამეფო ამას ყოველგვარი მიზეზის გარეშე აკეთებს.
„შოკისმომგვრელია, მაგრამ ჩვენი „ბრწყინვალე“ ნატო-ს მოკავშირე, გაერთიანებული სამეფო, ამჟამად გეგმავს დიეგო-გარსიას კუნძულის გადაცემას მავრიკისთვის. იმ კუნძულის, სადაც მდებარეობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აშშ-ის სამხედრო ბაზა. ამას აკეთებს ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ეჭვგარეშეა, რომ ჩინეთმა და რუსეთმა უკვე შეამჩნიეს ეს ტოტალური სისუსტის აქტი. ესენი არიან საერთაშორისო ძალები, რომლებიც მხოლოდ ძალას აღიარებენ. სწორედ ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩემი ხელმძღვანელობის პირობებში, სულ რაღაც ერთ წელიწადში, უპრეცედენტო პატივისცემით სარგებლობს. გაერთიანებული სამეფოს მიერ უაღრესად მნიშვნელოვანი მიწის დათმობა არის დიდი სიბრიყვე და წარმოადგენს კიდევ ერთ მაგალითს ეროვნული უსაფრთხოების მიზეზების გრძელი სიიდან, თუ რატომ არის აუცილებელი გრენლანდიის დაუფლება. დანიამ და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა გააკეთონ სწორი არჩევანი“, – წერს დონალდ ტრამპი.
