გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ ის გრენლანდიის დასაკავებლად სამხედრო ძალას გამოიყენებს, თუმცა პენტაგონს კუნძულზე შეჭრის ოპერაციის მომზადების დავალება ჯერ არ მიუღია.
როგორც The New York Times-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონი მართლაც განიხილავს სხვადასხვა სამხედრო სცენარებს, ამერიკელი სამხედროებისთვის ჯერ არავის უთქვამს, რომ ისინი გრენლანდიაში შეჭრისთვის უნდა მოემზადონ, ან ასეთი ოპერაციის მოსალოდნელი შედეგები შეაფასონ.
გამოცემის ცნობით, თეორიულად გრენლანდიის დაპყრობა სამხედრო გზით აშშ-სთვის სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. კუნძულზე ცოტა ადამიანი ცხოვრობს, დაახლოებით 56 ათასი, ხოლო მის ჩრდილოეთ ნაწილში უკვე არის განლაგებული ამერიკული სამხედრო ბაზა.
ამასთან ერთად, The New York Times-ი წერს, რომ პენტაგონის წარმომადგენლები და უმაღლესი სამხედრო სარდლობა კერძო საუბრებში გაღიზიანებასა და გაურკვევლობას არ მალავენ იმის გამო, რომ ტრამპი ძალის გამოყენების ვარიანტს განიხილავს.
გრენლანდია დანიის ტერიტორიაა. თავად დანია არის პატარა ზომის, მაგრამ ნატოს საიმედო პარტნიორი, რომლის სამხედროები ამერიკელებთან ერთად ომობდნენ ერაყსა და ავღანეთში. გრენლანდიაზე თავდასხმა ნატოს არსებობას შეუქმნიდა საფრთხეს, ასკვნის გამოცემა.
