ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აშშ-ის გადაწყვეტილებას, ორგანიზაციის დატოვების შესახებ, სამწუხაროს უწოდებს.
ჯანმო იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი მომავალში ორგანიზაციასთან აქტიურ მონაწილეობას დაუბრუნდება.
„როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელმა წევრმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჯანმო-ს მრავალ უდიდეს მიღწევაში, მათ შორის ყვავილის აღმოფხვრასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მრავალი სხვა საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის აივ ინფექციის, ებოლას, გრიპის, ტუბერკულოზის, მალარიის, უგულებელყოფილი ტროპიკული დაავადებების, ანტიმიკრობული რეზისტენტობის, საკვების უვნებლობის და სხვათა წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ, ჯანმო ნანობს შეერთებული შტატების მიერ ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ შეტყობინებას – გადაწყვეტილებას, რომელიც როგორც შეერთებულ შტატებს, ასევე მსოფლიოს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის. გასვლის შესახებ შეტყობინება წამოჭრის საკითხებს, რომლებსაც განიხილავს ჯანმო-საღმასრულებელი საბჭო 2 თებერვლიდან დაწყებულ რეგულარულ შეხვედრაზე და ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეა 2026 წლის მაისში დაგეგმილ ყოველწლიურ შეხვედრაზე“,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 23 იანვარს აშშ-ის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის პროცესის დასრულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის მიზეზად აშშ-ის ადმინისტრაციამ ორგანიზაციის მხრიდან „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე არასათანადო რეაგირება დაასახელა. მიზეზებად ასევე დასახელდა ორგანიზაციის უუნარობა, გაატაროს საჭირო რეფორმები. ამასთან, აშშ-ის ადმინისტრაცია აღნიშნავდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებს არამართლზომიერი პოლიტიკური გავლენები ჰქონდათ.
