გვჯერა, რომ დონალდ ტრამპმა ეს 3 000 გამოუცდელი აგენტი მინესოტიდან უნდა გაიყვანოს, ვიდრე კიდევ ერთ ადამიანს მოკლავენ, – ამის შესახებ მინესოტის გუბერნატორმა, ტიმ უოლცმა განაცხადა.
მინეაპოლისში მომხდარი შემთხვევის შემდეგ, მინესოტის გუბერნატორმა, ტიმ უოლცმა და მინესოტის გენერალურმა პროკურორმა, კიტ ელისონმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შტატიდან ფედერალური აგენტების გაყვანისკენ მოუწოდეს.
„ორი მინესოტელი დაიღუპა. რა გეგმა გაქვთ, დონალდ ტრამპ? რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ფედერალური აგენტები ჩვენი შტატიდან გაიყვანოთ? ჩვენ გვჯერა შტატში კანონისა და წესრიგის. ჩვენ გვჯერა მშვიდობის. ჩვენ გვჯერა, რომ დონალდ ტრამპმა ეს 3 000 გამოუცდელი აგენტი მინესოტიდან უნდა გაიყვანოს, ვიდრე კიდევ ერთ ადამიანს მოკლავენ“, – განაცხადა უოლცმა.
ცნობისთვის, მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა მამაკაცს, რომელიც მათ ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდებოდა, თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი. მინეაპოლისის პოლიციის მეთაურის, ბრაიან ო’ჰარას თქმით, მოკლული 37 წლის მამაკაცი აშშ-ის მოქალაქე იყო. მას იარაღი კანონიერად ჰქონდა შეძენილი. მანამდე მსგავსი შემთხვევა 7 იანვარს მოხდა. მინეაპოლისში ჩატარებული ოპერაციის დროს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტმა ავტომობილში მყოფ ქალს ესროლა და მოკლა. მომხდართან დაკავშირებით მინეაპოლისში საპროტესტო აქციები უკვე 18 დღეა, მიმდინარეობს.
