სურსათის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა, ამჯერად ქართველ მწარმოებლებთან, ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომლებიც, ზოგადად, მწარმოებლებს აწუხებთ ქსელებთან, დისტრიბუტორებთან ურთიერთობაში, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, ყველა ცალსახად თანხმდება იმ საკითხთან მიმართებაში, რომ ფასების შემცირება შესაძლებელია.
„ყველა ცალსახად თანხმდება იმ საკითხთან მიმართებაში, რომ შესაძლებელია ფასების შემცირება და, ასევე, მათ დააყენეს ქართული წარმოების ხელშეწყობის საკითხი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ხშირად ხდება, რომ ქართველ მწარმოებელს ურჩევნია ექსპორტზე გაიტანოს ქართული პროდუქცია, ვიდრე შიდა ბაზარზე დატოვოს გასაყიდად იმ გარემოდან გამომდინარე, რომელიც დღეს არის შექმნილი. სწორედ, ამ გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
