უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი აპირებს სარჩელი შეიტანოს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში, როგორც კი ოფიციალურად გამოქვეყნდება გადაწყვეტილება REPowerEU გეგმის შესახებ, რომელიც ევროკავშირში რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის სრულ აკრძალვას ისახავს მიზნად.
„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ საშუალებას მის გასაუქმებლად.
REPowerEU გეგმა ეფუძნება სამართლებრივ ხრიკს – სანქციების ღონისძიება წარმოდგენილია როგორც სავაჭრო პოლიტიკის გადაწყვეტილება, რათა თავი აარიდონ ერთსულოვნების პრინციპს [ვეტოს უფლება].
ეს სრულიად ეწინააღმდეგება თავად ევროკავშირის წესებს. ხელშეკრულებები ნათლად ამბობს: გადაწყვეტილებები ენერგეტიკულ ბალანსზე ეროვნული კომპეტენციაა.
უნგრეთისთვის რუსეთიდან ნავთობისა და გაზის შესყიდვის აკრძალვა ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და მნიშვნელოვნად გაზრდის ენერგიის ხარჯებს უნგრული ოჯახებისთვის“, – დასძინა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
