ჩვენი პოლიციის საქმე ადამიანების უსაფრთხოების დაცვაა და არა ფედერალური საიმიგრაციო კანონების აღსრულება, – ამის შესახებ მინეაპოლისის მერი ჯეიკობ ფრეი სოციალურ ქსელში წერს.
ჯეიკობ ფრეი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ „მინეაპოლისის მერი ცეცხლს ეთამაშება“.
მინეაპოლისის მერის თქმით, პოლიცია საკუთარ მოვალეობას ასრულებს და ცდილობს, მოქალაქეები დაიცვას.
„მინდა, რომ ისინი პრევენციას უწევდნენ მკვლელობებს და არა იმ მომუშავე მამაზე ნადირობდნენ, რომელსაც მინეაპოლისის განვითარებაში წვლილი შეაქვს და ეკვადორიდანაა. ეს მსგავსია იმ პოლიტიკისა, რომელიც შენს ბიჭს, რუდის ნიუ იორკში ჰქონდა. ყველამ თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს 911-ში დარეკვისას“, – წერს ის.
როგორც „სქაინიუსი“ წერს, ჯეიკობ ფრეი დონალდ ტრამპის მოკავშირე რუდი ჯულიანის გულისხმობს, რომელიც 1994-2001 წლებში ნიუ იორკის რესპუბლიკელი მერი იყო. მერის რანგში ჯულიანი არალეგალური მიგრანტების უფლებებს იცავდა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა მინეაპოლისის მერი ჯეიკობ ფრეი გააფრთხილა, რომ ის არღვევს ფედერალურ კანონს, როდესაც არ აღასრულებს საიმიგრაციო კანონებს.
„გასაკვირია, მერმა ჯეიკობ ფრეიმ განაცხადა, რომ „მინეაპოლისი არ იცავს და არ დაიცავს ფედერალურ საიმიგრაციო კანონებს“. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ძალიან კარგი საუბარი მქონდა მასთან. მისი შიდა გარემოცვიდან ვინმეს შეუძლია, აუხსნას, რომ ეს განცხადება კანონის ძალიან სერიოზული დარღვევაა და ცეცხლს ეთამაშება“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.
