დღეს თბილისში მდინარეში, ქალბატონი გადახტა და თავი მოიკლა. ამ ფაქტს ჟურნალისტი თორნიკე ყაჯრიშვილი შეესწრო, რომელიც სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.
„დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს…“- ამ მარადიულ ფრაზას, არც ფერი უხუნდება და დროც ვერაფერს აკლებს…
მთელი დღე დანაშაულის გრძნობა მანგრევს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გავაკეთე მის გადასარჩენად, მაინც ვერ შევძელი სიკვდილისთვის გამომეგლიჯა ხელიდან… ალბათ ამ ქვეყანაზე მხოლოდ მან და ღმერთმა იცოდნენ საკუთარი თავის მიმართ გამოტანილი სასტიკი განაჩენი… 23 ივნისის დილა ალბათ მისთვისაც ჩვეულებრივ გათენდა, ვინ იცის იქნებ არა… მერე მან გადაწყვეტილება მიიღო… შეიძლება დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, ან სულაც აფექტურ მდგომარეობაში რამდენიმე წამით ადრე… 53 წლის ასაკში აქ ყოფნას „იქ“ ყოფნა ამჯობინა. მერე დაასრულა… დაასრულა და სასჯელად ამ დასასრულის უკანასკნელი „მაყურებელობა“ მარგუნა…
23 ივნისი. დაახლოებით 12:30 წუთი. ჯვრის მონასტრიდან თბილისკენ მომავალ გზას ავტომობილით მოვუყვები. ბოლოს „სპიდომეტრს“, რომ დავხედე, სიჩქარის ამთვლელი ისარი 90-ზე დავაფიქსირე. უკან რამდენიმე, დაახლოებით იგივე სიჩქარით მომავალი ავტომობილი მომყვება. მცხეთის ხიდზე შევუხვიე და… ფილმის დრამატული ფინალივით დასრულდა ყველაფერი. დასრულებამდე კი სულ რამდენიმე წამი იყო, წამი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გაჩხერილი… ის 50 წლამდე, წითელ მაისურსა და მუქ შარვალში გამოწყობილი წითური თმებით, საოცარი სისწრაფით გადადის ცემენტის ჯებირზე… მერე ლითონის მოაჯირზე ადის… სიჩქარეს ვანელებ, თვალს არ ვაშორებ. ვხდები, რომ საშინელი განზრახვის განხორციელებამდე სულ რამდენიმე წამი აშორებს. მოულოდნელი გაჩერება წარმოუდგენელია, უკან მაღალი სიჩქარით მომავალი რამდენიმე ავტომობილი მომყვება… ამასობაში ხიდი სრულდება, ავტომობილის გაჩერებას ძლივს ვახერხებ. იქვე საპატრულო ეკიპაჟია. ყვირილით მივრბივარ- ხიდიდან ქალი ხტება, სამაშველო გამოიძახეთ… ზუსტად 10 წამში პატრულის ეკიპაჟთან ერთად იმ ადგილას ვიყავი, სადაც სიცოცხლისა და სიკვდილის გზაგასაყრაზე, ვიღაცის დედა, ვიღაცის მეუღლე, ვიღაცის შვილი, ვიღაცის და და უბრალოდ ლამაზი ქალბატონი დავტოვე… ის იქ აღარ იყო. წყალს მიჰქონდა… მერე ზაჰესთან მისი უსულო სხეული ამოასვენეს და დასრულდა კიდეც. ვინ იცის რატომ, რისთვის, ვისთვის და კიდევ ბევრი რატომ, რისთვის, ვისთვის?! ეს მისი არჩევანი იყო. შენ, უცნობო ქალბატონო, ვიღაცის დედავ, ვიღაცის მეუღლევ, ვიღაცის დაო და ვიღაცის შვილო, მაპატიე, რომ მეტი ვერ შევძელი. ვერ შევძელი, რომ „იქ“ წასასვლელი მოკლე და სასტიკი გზა, ვერ ჩავრაზე… არასდროს დამავიწყდები, უფრო სწორად ვერ შევძლებ, ახლაც თვალწინ მიდგას შენი სახე. სახე, ალეწილი და აწითლებული. მაპატიე!
განვლილი 31 წლის მანძილზე ბევრს რამეს ვნანობ. თავიდან, რომ ვიწყებდე ამ გასავლელ გზას, არაერთ ეპიზოდს ამოვაგდებდი ჩემი ცხოვრების სცენარიდან… დღევანდელ დღესაც დავივიწყებდი, მაგრამ ვაი, რომ არასდროს, უფრო სწორად ვერასდროს დაგივიწყებ…
კომენტარები