უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მაგიარმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც აღნიშნა, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს.
მისი თქმით, ის პროვოკაციის მსხვერპლი გახდა, რადგან ინტიმური ხასიათის ფარული ვიდეოკადრები გაუვრცელეს.
მაგიარის თქმით, საუბარია 2024 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებზე. მისი განცხადებით, პარტიული ღონისძიების შემდეგ მისმა ყოფილმა მეგობარმა ქალმა ეველინ ფოგელმა ის დახურულ წვეულებაზე დაპატიჟა.
ბინაში, სადაც ისინი მივიდნენ, უცხო ადამიანები დახვდათ, ხოლო ერთ-ერთ მაგიდაზე იყო ალკოჰოლი და ნარკოტიკის მსგავსი საეჭვო ნივთიერებები. მაგიარმა ხაზი გაუსვა, რომ არავითარი საეჭვო ნივთიერებები არ გაუსინჯავს.
მოგვიანებით ის და ფოგელი სექსით დაკავდნენ, რაც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ფარულად გადაიღეს. აღნიშნულს მადიარი შანტაჟად და მისი დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.
მომხდარში პოლიტიკოსი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესს“ ადანაშაულებს. მისი თქმით, მომხდარის მიზანი ფსიქოლოგიური წნეხის განხორციელება და გადამწყვეტი არჩევნების წინ მისი რეპუტაციის განადგურებაა.
ოპოზიციონერის თქმით, მას კანონი არ დაურღვევია. თავად ფოგელმა აღნიშნა, რომ წვეულების დეტალები არ ახსოვს. ის უარყოფს, რომ თავად იყო ფარული ვიდეოგადაღების ინიციატორი.
ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება. იანვრის გამოკითხვების მიხედვით, ოპოზიციური პარტია „ტისა“ მმართველ პოლიტიკურ გაერთიანებას წინ უსწრებს.
