თუ 35 წლის წინათ დემოკრატიის გაგებისთვის წარმოუდგენელი იყო აზრის გამო ადამიანების დევნის დაკანონება, დღეს დემოკრატიის გაგებაში ჯდება ინტერნეტით გავრცელებული საკუთარი მოსაზრებების გამო ადამიანების დაჯარიმება და დაპატიმრებაც კი, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში
„დემოკრატიის ზღაპრის დასასრული
კაცობრიობის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე საზოგადოების განვითარების ცვალებადი სტილი და მმართველობის სხვადასხვა ახალი ფორმები ჯერ პროგრესულად და ტრენდულად ითვლებოდა ხოლმე, შემდეგ კი ისინი ცხოვრების წესებად და ნორმებად იქცეოდნენ.
იყო დრო, როდესაც ჯუნგლის კანონი და კანიბალიზმის წესები ნორმად ითვლებოდა, შემდეგ კი სირცხვილად და დანაშაულად ჩაითვალა.
ანტიკურ ხანაში და შუა საუკუნეებში ყველანი იყვნენ დაბადებით მონები და მონათმფლობელები, ბატონები და ყმები, არისტოკრატები და პლებეები, რომლებსაც საზოგადოებაში თავისი ადგილი და უფლება კანონებითაც და ტრადიციებითაც ჰქონდათ განსაზღვრული.
შემდეგ ტრენდული და პროგრესული გახდა თავისუფლებისა და თანასწორობის იდეა (“ძმობა, ერთობა, თავისუფლება”), კაცობრიობა შეთანხმდა, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თანასწორია და განვითარების თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეს.
თანდათან დამკვიდრდა და განვითარდა ეს იდეაც, ცხოვრების წესადაც კი იქცა, რასაც თავისი ბნელი მხარეებიც ჰქონდა, თუმცა ადამიანები და სახელმწიფოები მეთოდურად თავისუფლდებოდნენ დემოკრატიის თანმდევი სიბნელეებისგან და ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი ხდებოდა მმართველობის ეს ფორმა და ცხოვრების ასეთი წესი.
სხვადასხვა ქვეყნებში გამოჩნდნენ ადამიანები, ჯგუფები და პარტიები, რომლებმაც ჩათვალეს, რომ დემოკრატია ლიტონი სიტყვა და ფარსია, ხოლო რეალური, სამართლიანი თანასწორობა მხოლოდ ჩაგრულმა მშრომელებმა შეიძლება დაამყარონ, რისთვისაც საჭიროა ძალადობრივი გზით ძალაუფლების ხელში აღება და ახალი მმართველობის ფორმებითა და მეთოდებით დედამიწაზე ამქვეყნიური სამოთხის დამყარება.
ასე დამყარდა კომუნისტური რეჟიმი დედამიწის საკმაოდ დიდ ნაწილში.
ჯგუფებისა და პარტიების მეორე ნაწილმა ჩათვალა და მსოფლიოს საკმაოდ დიდ ნაწილსაც დააჯერა, რომ დედამიწაზე სამოთხის დამყარება მხოლოდ მაღალი რასის ადამიანების მსოფლიოში გაბატონების შედეგად შეიძლებოდა და დედამიწის სხვა ნაწილში დაამყარა რასისტულ-ფაშისტური რეჟიმი.
შემდეგ ეს ორი რეჟიმი სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეეჯახა ერთმანეთს, პირველმა მეორე დაამარცხა, რაშიც დემოკრატიული მსოფლიოც დაეხმარა და მივიღეთ ახალი რეალობა
– ერთ მხარეს კომუნისტური რუსეთი, ხოლო მეორე მხარეს – დემოკრატიული მსოფლიო.
ამ ორ რეჟიმებს შორის რკინის ფარდა იყო დაშვებული და ფარდის მიღმა მცხოვრები ტოტალიტარული რუსეთისა და მისი სატელიტი ანტიდემოკრატიული რეჟიმების მოსახლეობის უმრავლესობა შენატროდა დემოკრატიულ სამყაროს და ოცნებობდა საკუთარი ქვეყნების დემოკრატიულად ქცევას.
ასეთმა ხედვამ დიდად შეუწყო ხელი ტოტალიტარული რეჟიმების დანგრევას და ახალი დემოკრატიული სახელმწიფოების ჩამოყალიბებას.
ახალი სახელმწიფოების მოსახლეობას ახლა პრაქტიკაში უნდა ენახა, რასაც მხოლოდ თეორიულად (წიგნებიდან და კინოებიდან) იცნობდა.
ჩვენ და ჩვენმა მსგავსმა პოსტ-კომუნისტურმა ქვეყნებმა ამ ყველაფრის პრაქტიკული შემეცნება და ათვისება დაახლოებით 35 წლის წინ დავიწყეთ.
სწორედ ამ პერიოდში ხდება დიდი ძვრები და უარყოფითი ცვლილებები დემოკრატიული ღირებულებების გაგებაში.
ამ წლებში ჩვენ პრაქტიკულად მივიღეთ დემოკრატიის ახალი, სრულიად მიუღებელი გაგება.
თუ 35 წლის წინათ დემოკრატიის გაგებისთვის წარმოუდგენელი იყო აზრის გამო ადამიანების დევნის დაკანონება, დღეს დემოკრატიის გაგებაში ჯდება ინტერნეტით გავრცელებული საკუთარი მოსაზრებების გამო ადამიანების დაჯარიმება და დაპატიმრებაც კი.
თუ 35 წლის წინათ მამათმავლობა და ტრანს¬გენდერობა გარყვნილებად, გადახრად და ავადმყოფობად ითვლებოდა, დღეს გვაიძულებენ, რომ ეს ნორმად მივიღოთ,
თუ 35 წლის წინათ დიდი ქვეყნის მიერ პატარის დაპყრობის თუ სხვაგვარად დაჩაგვრის წინააღმდეგ მძლავრი საერთაშორისო სტრუქტურები (გაერო, ეუთო და სხვ.) არსებობდნენ, დღეს ისინი ფაქტობრივად მხოლოდ ნომინალურად განაგრძობენ არსებობას.
მოკლედ, დემოკრატია, როგორც ღირებულება და საზოგადოების მართვის საუკეთესო ფორმა, თავად “დემოკრატებმა”დაამხვეს და გააუქმეს.
მოხდა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დევალვაცია, იმას, რასაც ნამდვილი ლიბერალური ღირებულებები ერქვა, სრულად ჩამოიშალა და დღევანდელმა ნეოლიბერალურმა ღირებულებებმა ჩაანაცვლა, რომელსაც მხოლოდ სახელად შერჩა ლიბერალური, თორემ თავისი არსით მათი მმართველობის ფორმები და მეთოდები უმეტეს შემთხვევაში ფაშისტურია.
ამ ჩამოშლის ფონზე რაიმე რეფორმირებული, საზოგადოებისთვის მისაღები დოქტრინები არავის შემოუთავაზებია.
დღეის მდგომარეობით შექმნილია ქაოსი,
ნორმადაა ქცეული პიროვნებებისა და ქვეყნების სუვერენიტეტის უპატივცემულობა,
ადამიანის უფლებების უარყოფა და ჩაგვრის ფორმების დემონსტრირება.
ამის მაგალითად ნეოლიბერალების მხრიდან საქართველოს მიმართ წარმოებული პოლიტიკა და მათ მიერ მიღებული და მისაღები გადაწყვეტილებების ჩამოთვლაც საკმარისია.
საზოგადოებას აღარ დაუტოვეს იმის იმედი, რომ საჭიროების შემთხვევაში სამართლიანობას, დამოუკიდებლობის პატივისცემას, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვას ევროპაში მიაღწევ.
ამ ყველაფერმა ჩვენი ტიპის ქვეყნებს და არა მარტო ჩვენნაირებს, არამედ თვით ამერიკასაც გაუჩინა განცდა იმისა, რომ ვინაიდან ევროპა და მისი სტრუქტურები დაცლილია ყოველგვარი ღირებულებისგან, სხვა ღირებულებებია მოსაძებნი და თან აუცილებლად სხვაგან. ეს “სხვაგან” შეიძლება იყოს ნებისმიერი მიმართულებით, საითაც შენს ქვეყანას უფრო გამოადგება. ყოველ შემთხვევაში, ის მაინც უდავო ჭეშმარიტებად უნდა გავიხადოთ, რომ ყველა მიმართულებით მტრები კი არა, ჩვენი ქვეყნისადმი კეთილგანწყობილი პარტნიორები ვეძებოთ, თუნდაც მტრების მეგობრებად გადაქცევა ვცადოთ და არა პირიქით.
მოკლედ, ზღაპარი დემოკრატიაზე დასრულდა, თუმცა ვიქონიოთ იმედი, რომ ზღაპრის ბოლო კეთილია“, – წერს კაკაბაძე.
