ნებისმიერი მთავრობისთვის არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი ვალდებულება, ვიდრე საკუთარი ხალხისა და ერის დაცვის უნარი. სწორედ ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ ნატო-ში ჩვენი პარტნიორების შესაძლებლობების გაზრდაზე. ყოველ ჯერზე, როცა ამას ვამბობთ, ხალხი გიჟდება. ისინი ფიქრობენ: ეს ნიშნავს, რომ თქვენ მიატოვებთ ნატო-ს, მიატოვებთ თქვენს მოკავშირეებს. რაც უფრო ძლიერები არიან ჩვენი მოკავშირეები, მით უფრო ძლიერები ვართ ჩვენ კოლექტიურად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ბრატისლავაში, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ ნატო-ს დატოვებას არ აპირებს და მას სურს, ალიანსი იყოს უფრო ძლიერი, სადაც სხვა ქვეყნებს მეტი გავლენა აქვთ ნატო-ში.
„ჩვენ ძალიან ნათლად განვაცხადეთ, ვფიქრობ, სულ რამდენიმე დღის წინ სამიტზე, თავდაცვის მინისტრების დონეზე შეხვედრაზე ძალიან ნათლად იყო განცხადებული, რომ ჩვენ არ ვტოვებთ ნატო-ს. ვგულისხმობ, შეიძლება, რამდენიმე ათასი ჯარისკაცი გადავიყვანოთ ერთი ქვეყნიდან მეორეში, მაგრამ ეს ყოველთვის ასე იყო. ეს ყოველთვის ხდებოდა. სხვათა შორის, ჩვენ არ გვემუქრება და არ მიგვაჩნია მტრულად განწყობილად ნატო-ს საკუთარი შესაძლებლობების ზრდა, არა შეერთებული შტატებისგან დამოუკიდებლად, შეერთებულ შტატებთან ერთად. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ნეგატიურია სხვა ქვეყნების მეტი გავლენა ნატო-ში, რომ სხვა პარტნიორ ქვეყნებს მეტი გავლენა აქვთ ნატო-ში ან ნატო-ს სხვა ქვეყნებს მეტი შესაძლებლობები აქვთ. ჩვენ ამას დადებითად მივიჩნევთ. გუშინ ზოგიერთ ადგილას გავიგე, რომ ევროპელები ძალიან განაწყენებული არიან. ისინი ახლა ნაკლებად იქნებიან დამოკიდებული ამერიკაზე. ჩვენ არ გვინდა, რომ ევროპა იყოს დამოკიდებული აშშ-ზე. ჩვენ არ ვთხოვთ ევროპას, იყოს შეერთებული შტატების ვასალი. ჩვენ გვინდა, ვიყოთ თქვენი პარტნიორი. ჩვენ გვინდა, ვიმუშაოთ ევროპასთან. ჩვენ გვინდა, ვიმუშაოთ ჩვენს მოკავშირეებთან. ჩვენ გვინდა თქვენთან თანამშრომლობა და ჩვენი მიზანი იყო და კვლავაც არის, რომ რაც უფრო ძლიერი ხართ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად, როგორც ალიანსი, მით უფრო ძლიერია ნატო. რაც უფრო ძლიერია ყველა ეს წევრი, მით უფრო ძლიერია ალიანსი. ალიანსი იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ ვერავინ გაბედოს მისი გამოცდა, ვერავინ გაბედოს მის გამოწვევა. ამიტომ ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ზომას, რომელსაც ცალკეული წევრები იღებენ ალიანსის გასაძლიერებლად, ამას დადებითად მივიჩნევთ“, – განაცხადა რუბიომ.
