აშშ შემაშფოთებელ ცნობად მიიჩნევს ხუთი ევროპული ქვეყნის განცხადებას რუსეთის კოლონიაში ალექსეი ნავალნის ეპიბატიდინით მოწამვლის შესახებ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ბრატისლავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით ამ განცხადების შესახებ. ეს შემაშფოთებელი ინფორმაციაა. ჩვენთვის ცნობილია ბატონი ნავალნის საქმე და, უდავოდ, არ გვაქვს არანაირი საფუძველი, ეს ეჭვქვეშ დავაყენოთ“, – განაცხადა რუბიომ ჟურნალისტებთან.
კითხვაზე, რატომ არ შეუერთდა აშშ აღნიშნულ განცხადებას, რუბიომ თქვა, რომ ეს ევროპული ქვეყნების ინიციატივა იყო.
„ჩვენ ასე გადავწყვიტეთ და ეს არ ნიშნავს, რომ შედეგებს არ ვეთანხმებით. უბრალოდ, ეს ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა. ხანდახან ქვეყნები დამოუკიდებლად მოქმედებენ მათ მიერ შეგროვებულ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით“, – აღნიშნა რუბიომ.
მისი თქმით, აშშ ამ დასკვნებზე „არ დავობს“ და არ აპირებს „კონფლიქტს ამ ქვეყნებთან“ აღნიშნული განცხადების გამო.
14 თებერვალს დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია და ნიდერლანდები გამოვიდნენ ერთობლივი განცხადებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ ალექსეი ნავალნი რუსეთის კოლონიაში ეპიბატიდინით, ხის ბაყაყის შხამით მოწამლეს. ამ დასკვნამდე დამოუკიდებლად მივიდნენ მკვლევრები, რომლებმაც ნავალნის ბიომასალების ნიმუშები შეისწავლეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხუთი ქვეყნის დასკვნები ნავალნის ეპიბატიდინით მოწამვლის შესახებ „საინფორმაციო კამპანიად“ შეაფასეს.
