უკრაინის ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს, გერმან გალუშენკოს ფულის გათეთრებასა და დანაშაულებრივ ორგანიზაციაში მონაწილეობაში წაუყენეს ბრალი. ინფორმაციას უკრაინის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა და უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებენ.
გამოძიების მონაცემებით, დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეებმა 2021 წელს კუნძულ ანგილიაზე დაარეგისტრირეს ფონდი, რომელსაც დაახლოებით 100 მილიონი დოლარის „ინვესტიცია“ უნდა მოეზიდა. „ინვესტორებს“ შორის იყო გალუშენკოს ოჯახიც, თუმცა მისი მონაწილეობა ფონდში კომპანიების ჯაჭვის მეშვეობით იყო დაფარული, ხოლო ბენეფიციარები ჩინოვნიკის ყოფილი მეუღლე და ოთხი შვილი გახდნენ.
ამის შემდეგ, დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრებმა სამ შვეიცარიულ ბანკში ფონდის ანგარიშებზე დაიწყეს თანხების გადარიცხვა. ამ გზით გადაირიცხა 7,4 მილიონ დოლარზე მეტი. გარდა ამისა, კიდევ 1,3 მილიონზე მეტი შვეიცარიული ფრანკი და 2,4 მილიონი ევრო ნაღდი ფულის სახით გაიცა და პირდაპირ გალუშენკოს ოჯახს შვეიცარიაში პირდაპირ გადაერიცხა .
ამ თანხების ნაწილი მოხმარდა შვეიცარიის პრესტიჟულ სასწავლებლებში სწავლის საფასურის გადახდას და ეჭვმიტანილის ყოფილი მეუღლის ანგარიშებზე განთავსდა. დანარჩენი თანხა დეპოზიტზე დაიდო, საიდანაც ოჯახი დამატებით შემოსავალს იღებდა.
საერთო ჯამში, გალუშენკოს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში (2021-დან 2025 წლამდე), დანაშაულებრივმა ორგანიზაციამ მისი ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით „როკეტი“, ენერგეტიკულ სექტორში მართლსაწინააღმდეგო საქმიანობიდან 112 მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფული მიიღო, – აცხადებენ პროკურატურაში.
გალუშენკო გუშინ დააკავეს, როდესაც ის უკრაინის დატოვებას ცდილობდა.
