კრასნოდარის მხარეში 17 თებერვალს, ღამით უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის შემდეგ ხანძარი გაჩნდა ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. ამის შესახებ რეგიონის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
დაზიანებულია ნავთობპროდუქტების რეზერვუარი. ხანძრის საერთო ფართობი დაახლოებით 700 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ადგილზე მუშაობს სახანძრო სამსახური. მობილიზებულია 20-ზე მეტი ერთეული ტექნიკა.
ოპერატიული შტაბის მონაცემებით, დაშავებულები არ არიან.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სევერსკის რაიონის დასახლებულ პუნქტ ილსკიში, სადაც ქარხანა მდებარეობს, დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა და დაზიანდა ოთხი კერძო სახლი.
უპილოტო აპარატების ფრაგმენტებმა დააზიანა ლოკომოტივების დეპოს შენობა კრასნი ხუტორში, კრიმსკის რაიონში. დრონების ნამსხვრევები ასევე აღმოაჩინეს რკინიგზის ლიანდაგებზე დასახლებულ პუნქტ კრასნიში, კერძო სახლის ეზოში, სტანიცა ვარენიკოვსკაიაში, კრასნოდარის საფეხბურთო კლუბის, „კრასნოდარის“ აკადემიის სტადიონთან, აგრეთვე სოჭის რამდენიმე რაიონში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 17 თებერვლის ღამეს 151 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
