საფრანგეთში ულტრამემარჯვენე სტუდენტის მკვლელობასთან დაკავშირებით ცხრა ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
დაკავებულთა შორისაა მემარცხენე პარტიის, „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ (LFI) ერთ-ერთი დეპუტატის საპარლამენტო თანაშემწე.
23 წლის სტუდენტი კენტენ დერანკი შაბათს გარდაიცვალა, ორი დღის შემდეგ, რაც ლიონში ნიღბიანი ახალგაზრდების დაჯგუფებამ სასტიკად სცემა. შემთხვევა ლიონის პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტში (IEP) მოხდა, სადაც დერანკი ულტრამემარჯვენე ფემინისტური ჯგუფის დაცვაში მონაწილეობდა.
როგორც „ბიბისი“ წერს, ეს მკვლელობა უდიდეს ზეწოლას ახდენს პარტია „დაუმორჩილებელ საფრანგეთსა“ და პარტიის ვეტერან ლიდერზე, ჟან-ლუკ მელანშონზე, რომელიც მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო კანდიდატია.
მელანშონმა განაცხადა, რომ მის პარტიას „ამ ამბავთან არავითარი კავშირი არ აქვს“.
