უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს სანქციები დაუწესა.
როგორც ზელენსკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე განმარტავს, ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები უკრაინელების მკვლელობების ხელშეწყობის გამო შემოიღო.
„დღეს უკრაინამ სანქციათა პაკეტი ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ შემოიღო. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და ვეწინააღმდეგებით უკრაინელების მკვლელობების ხელშეწყობის ყველა მის ფორმას. პარტნიორებთან ვიმუშავებთ, რათა ამას გლობალური ეფექტი ჰქონდეს“, – დაწერა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის განცხადებით, 2025 წლის ბოლოდან რუსეთმა ბელორუსის ტერიტორიაზე რეტრანსლატორების სისტემა ააგო, რამაც მას საშუალება მისცა უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონებზე დრონებით თავდასხმა გაეძლიერებინა.
ზელენსკის თქმით, ბელორუსის დახმარების გარეშე რუსეთი უკრაინის ენერგოობიექტებზე ასეთ ინტენსიურ თავდასხმებს ვერ განახორციელებდა.
