პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერის ყველა ინსტრუმენტის გადატანას ითვალისწინებს „უცხოელთა დაცვის შესახებ“ საერთო კანონში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მისი თქმით, „უპირობო პრივილეგიების ეტაპი“ დასრულდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი კვლავაც მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში, თუმცა ახალმა კანონმა დახმარების სისტემა უნდა მოაწესრიგოს და სახელმწიფო ფინანსები დაიცვას.
აღსანიშნავია, რომ უკრაინელების შესახებ ე.წ. სპეციალური დახმარების კანონმა, 2022 წლიდან, შექმნა ცალკეული სამართლებრივი სისტემა, რომელმაც უკრაინელი ლტოლვილებისთვის გაამარტივა ცხოვრების, მუშაობის, შეღავათების მიღებისა და განათლების წესები.
ახალი კანონი ამ სისტემას ეტაპობრივად აუქმებს, ხოლო მხარდაჭერის ძირითადი ინსტრუმენტები უცხოელთა დაცვის საერთო დებულებებში შევა.
გარდა ამისა, ხელმოწერილი დოკუმენტი 2027 წლის 4 მარტამდე აგრძელებს უკრაინის იმ მოქალაქეების პოლონეთში ყოფნის ლეგალურობას, რომლებიც ომს გამოექცნენ.
რა იცვლება:
- უქმდება 2022 წლის სპეციალური კანონი, რომელიც უკრაინელებისთვის ქვეყანაში ყოფნას, დასაქმებასა და სოციალურ გასაცემლებზე წვდომას ამარტივებდა.
- შემოდის დროებითი დაცვის ერთიანი სისტემა ყველა უცხოელისთვის.
- ქაღალდის მოწმობებს ჩაანაცვლებს ელექტრონული ბარათი და დადასტურება პოლონური აპლიკაციის, mObywatel-ის მეშვეობით.
- სოციალური გასაცემლები და საცხოვრებლით დახმარება შეიზღუდება – მათ უპირატესად მხოლოდ მოწყვლადი კატეგორიები მიიღებენ.
- სამედიცინო დახმარება გაეწევათ არასრულწლოვნებს, დასაქმებულებს, წამებისა და გაუპატიურების მსხვერპლებს და სხვა მოწყვლად პირებს.
აღსანიშნავია, რომ კანონი ძალაში 2026 წლის 5 მარტს შევა.
