გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკასა და ნატოს მომავალზე ისაუბრა. კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი გერმანიის ეროვნული ინტერესების გატარებაა, ისევე როგორც ამას საფრანგეთის, ბრიტანეთისა თუ იტალიის ლიდერები აკეთებენ საკუთარი ქვეყნებისთვის.
მერცის განცხადებით, გერმანიის ინტერესების დაცვა განუყოფელია იმ მემკვიდრეობის შენარჩუნებისგან, რომელიც ალიანსმა შვიდნახევარი ათწლეულის განმავლობაში შექმნა.
თუმცა, კანცლერმა გარკვეული სკეპტიციზმიც გამოხატა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამომავლო სტრუქტურასთან დაკავშირებით.
„დარწმუნებული არ ვარ, ხუთი ან ათი წლის შემდეგ კვლავ გვეყოლება თუ არა ნატო ასეთივე სახით“, – აღნიშნა გვერმანიის მთავრობის მეთაურმა.
კანცლერმა გაიხსენა გასული წლის თებერვლის არჩევნების შემდგომი პერიოდი და მას თავისი პოლიტიკური კარიერის ყველაზე რთული მომენტი უწოდა. მისი თქმით, არჩევნებიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში, გერმანიას ჰქონდა ძალიან ვიწრო „დროის ფანჯარა“ გარდამტეხი გადაწყვეტილების მისაღებად.
საუბარია თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვან ზრდაზე, რაც მერცის თქმით, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.
