ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელს სთხოვა, თავი შეიკავოს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე, განსაკუთრებით კი ნავთობის ინფრასტრუქტურაზე შემდგომი დარტყმებისგან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის ეს თხოვნა პირველი შემთხვევაა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელი შეაკავა მას შემდეგ, რაც ათი დღის წინ ორმა ქვეყანამ ირანის წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაცია დაიწყო.
აშშ-ის გზავნილები გადაეცა როგორც მაღალ პოლიტიკურ დონეზე, ასევე ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსს.
ისრაელის ოფიციალურმა პირმა განაცხადა: „აშშ-მა გვთხოვა, წინასწარ შევატყობინოთ ირანის ნავთობის ობიექტებზე ნებისმიერი დაგეგმილი დარტყმის შესახებ“.
ტრამპის ადმინისტრაციამ აღნიშნული თხოვნისას სამი მიზეზი დაასახელა, – იტყობინება საკითხში ჩახედული წყარო:
-
მსგავსი დარტყმები ზიანს აყენებს ირანელ ხალხს, რომლის დიდი ნაწილიც რეჟიმის წინააღმდეგია.
-
ტრამპის მიზანია ომის შემდეგ ირანის ნავთობის სექტორთან თანამშრომლობა – ვენესუელის მიმართ გამოყენებული მიდგომის მსგავსად.
-
დარტყმებმა შესაძლოა გამოიწვიოს ირანის მასშტაბური საპასუხო თავდასხმები ყურის ქვეყნების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
