აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი სკეპტიკურად აფასებდა პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების შესახებ. ინფორმაციას Politico ტრამპის ადმინისტრაციის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვენსი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა აშშ-ის ჩარევას საზღვარგარეთ, საჯაროდ იცავდა ტრამპის ოპერაციას ირანში, თუმცა, თეთრი სახლის წარმომადგენლების განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტმა თავისი უკმაყოფილება ჯერ კიდევ საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე გამოავლინა.
ვენსი „სკეპტიკურად არის განწყობილი“, „ნერვიულობს წარმატებაზე“ და „უბრალოდ ირანთან ომის წინააღმდეგია“, აცხადებს თეთრი სახლის ერთ-ერთი ანონიმური წარმომადგენელი.
ტრამპის ადმინისტრაციის მეორე მაღალჩინოსნის განცხადებით, ვენსის მოვალეობას წარმოადგენს სხვადასხვა სავარაუდო სცენარების დამუშავება და პრეზიდენტისთვის და ადმინისტრაციისთვის მათი წარდგენა. თუმცა მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება მიღებულია, ის მას საჯაროდ სრულად მხარს უჭერს.
როგორც Politico იუწყება, ვენსს ომთან დაკავშირებით სკეპტიციზმი ერაყში საბრძოლო მოქმედებების დროს საზღვაო ქვეითების კორპუსში მსახურებისას ჩამოუყალიბდა. გარდა ამისა, საბრძოლო წარმატებაზე საუბრისას ის მეტ თავშეკავებულობას იჩენს, რაც ტრამპთან არსებულ განხეთქილებაზე მიუთითებს.
