ირანელმა მაღალჩინოსნებმა თეირანში მთავრობის მხარდამჭერ აქციებში მიიღეს მონაწილეობა, – ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. სააგენტოს ცნობით, შესაბამის ფოტო და ვიდეომასალას ირანული მედია ავრცელებს.
როგორც „ბიბისი“ წერს, აქციებს ესწრებოდნენ: ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი, პოლიციის მეთაური აჰმადრეზა რადანი და სასამართლო ხელისუფლების მეთაური ღოლამჰოსეინ მოჰსენი ეჯეი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ირანის სულიერმა ლიდერმა, მოჯტაბა ხამენეიმ ირანელ მოსახლეობას მოუწოდა, მანიფესტაციებში მიიღონ მონაწილეობა, რათა დაეხმარონ მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ცნობისთვის, „ყუდსის ძალების“ მსვლელობის ტრადიცია 1979 წლის ირანის რევოლუციის შემდეგ დაიწყო და ყოველწლიურად რამადანის ბოლო პარასკევს იმართება.
