ჩვენ არაფერი ახალი არ გვიხილავს, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას.
მისივე თქმით, ინფორმაციის შესაგროვებლად საქართველოში ექსპერტის ჩამოსვლა ფორმალობა იყო და ყველაფერი უკვე წინასწარ იყო დაწერილი.
„ჩვენ არაფერი ახალი არ გვიხილავს – ზუსტად იგივე, რასაც ევრობიუროკრატები გვაბრალებენ, ზუსტად იგივე, რასაც მდიდარი NGO-ები, რადიკალური ოპოზიცია გვაბრალებს. ამ შემთხვევაში მექანიზმს აქვს მხოლოდ რეკომენდაციის სახე. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ის ქალბატონი, რომელმაც ეს რეკომენდაცია გასცა, 2 დღით იყო სულ საქართველოში ჩამოსული და რამდენიმე დღეში მოაგროვა, თურმე ამხელა ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკვე დაწერილი იყო – ფორმალობა იყო ჩამოსვლა და გაავრცელა ის ტექსტი, რომელიც ევრობიუროკრატებს აწყობდათ, რომელიც ჩვენ გვესმის, მაგალითად ევროპარლამენტში დებატებზე, როდესაც რეზოლუციებს იღებდენ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონების გაუქმებას სთხოვენ.
