ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მდებარე აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მდებარე ვერტმფრენის მოედანი სარაკეტო იერიშის სამიზნე გახდა. ინფორმაციას „ესოშიეთედ პრესი“ უსაფრთხოების სამსახურების ორი ანონიმური თანამშრომლის ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, რაკეტა ჩამოვარდა საელჩოს ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ბაღდადის „მწვანე ზონაში“. ეს არის გამაგრებულ სამთავრობო კვარტალი, სადაც განთავსებულია როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები.
„ესოშიეთედ პრესი“ წერს, რომ ჟურნალისტებმა მიიღეს ვიდეო, რომელზეც ჩანს კვამლი ბაღდადში მდებარე აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე. სააგენტო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ საელჩოს ტერიტორიაზე დრონი ჩამოვარდა.
„ესოშიეთედ პრესი“ ასევე აღნიშნავს, რომ ეს შენობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკული დიპლომატიური წარმომადგენლობაა და ის არაერთხელ გამხდარა ერაყში მოქმედი პროირანული ჯგუფების მიერ განხორციელებული სარაკეტო და დრონების თავდასხმების სამიზნე.
