10 წელზე მეტია, CNFA უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნის სოფლის მეურნეობის გარდაქმნის პროცესში – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაცია CNFA-ს საქართველოში საქმიანობის 10 წლისთავთან დაკავშირებით “ექსპო ჯორჯიაში” გამართულ საზეიმო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კვირიკაშვილმა CNFA-ს იუბილე მიულოცა, საქართველოში განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამ დროის მანძილზე CNFA საქართველოსთვის არა მარტო პარტნიორი, არამედ მეგობარიც იყო.
მისი თქმით, აშშ-ს მთავრობის, განსაკუთრებით კი USAID-სა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დახმარებით, საქართველოს CNFA-ს მსგავსი ორგანიზაციების გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდა.
გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,რომ 2008 წელს რუსეთთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ, USAID-ის პროგრამის საშუალებით CNFA-მ საქართველოს ნიშვნელოვანი დახმარება გაუწია.
„გარდა ამისა, ბაღების მოვლის ხელშეწყობის მიზნით, CNFA-მ, “ქართუ ბანკთან” ერთად, ელექტრონული ვაუჩერების საბარათე სისტემა დანერგა. აღნიშნული ბარათები გადაეცა 17 000-ზე მეტ ფერმერს, რომლებმაც მცენარეების მოვლის 5,8 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქტები შეიძინეს“,-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მისივე ინფორმაციით, საერთო ჯამში, CNFA-მ საქართველოში 8 პროექტის რეალიზაციას შეუწყო ხელი; USAID-ისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეშვეობით, ამერიკის მთავრობამ დახმარება 430-ზე მეტ სოფლის მეურნეობის საწარმოს გაუწია, შექმნა 3500-ზე მეტი სამუშაო ადგილი და აამაღლა 140 000-ზე მეტი პირის კვალიფიკაცია; შედეგად, CNFA-ს მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო საწარმოების გაყიდვებმა 51 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.
“ტრადიციულად, სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, თუმცა გასული წლების მანძილზე იგი მნიშვნელოვნად დასუსტდა და საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში მისი წილი შემცირდა. საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლის ტიპის დასახლებებში ცხოვრობს – ამდენად, აღნიშნული მოვლენა მათზე უაროფითად აისახა. სოფლის მეურნეობის რეფორმირების მიზნით, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ახალმა მთავრობამ შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყო. ეს ღონისძიებები ექსპორტისა და წარმოების მოცულობის ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას ისახავდა მიზნად. ჩემი მთავრობა ყველა ღონეს მიმართავს, რომ სოფლის მეურნეობის საწარმოებისთვის მოსახერხებელი გარემო შექმნას და საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქტების მსხვილ ექპორტიორად აქციოს”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერი – ჩემი მთავრობა ყველა ღონეს მიმართავს, რომ საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქტების მსხვილ ექსპორტიორად აქციოს
2016/06/06 14:59:34
კომენტარები
ნანახია: 1576 ჯერ