ვფიქრობ, ეს იყო ღია საიდუმლო, რომელსაც, საბოლოო ჯამში, ფარდა თავადვე ახადეს – კანდიდატ ქვეყნებს, და ამ შემთხვევაში საქართველოსაც, უყურებენ, როგორც მეორეხარისხოვან ქვეყნებს და ერებს, რომლებსაც თანასწორად არ განიხილავენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც დაადასტურა, რომ ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლება შეიზღუდება.
პაპუაშვილის თქმით, მარტა კოსის განცხადება აჩვენებს ევროკავშირის მხრიდან ერების მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, რეალურად, მარტა კოსის განცხადება სიახლეს არ წარმოადგენს, რადგან ნაბიჯ-ნაბიჯ გვაჩვევდნენ აზრს, რომ ევროკავშირის წევრობის შემთხვევაში საქართველო იქნება მეორეხარისხოვანი ერი ევროკავშირში.
„სამწუხაროდ, ეს დამოკიდებულება არის ერთადერთი რამ, რასაც ვხედავთ. ჩვენ რომ ჩავხედოთ ევროკავშირთან ურთიერთობის მთელ ისტორიას, ეს იყო პროცესი, როდესაც ვილტვოდით ინტეგრაციისკენ, ხან სამეზობლო პოლიტიკით, ხან აღმოსავლეთ პოლიტიკით, სხვადასხვა ფორმატს იგონებდნენ იმისთვის, რომ შორიახლოს ვყოლოდით, მაგრამ წევრი არ გავმხდარიყავით. ოთხი წლის წინ, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, მაშინ გაცხადდა ევროკავშირისგან და ყველას მიეცა იმედი, მათ შორის კანდიდატ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენამდე წლობით კანდიდატი ქვეყნების სტატუსით იყვნენ და პროგრესი არ ჰქონდათ, რომ ევროკავშირი ბოლოს და ბოლოს მიიღებდა გადაწყვეტილებას გაფართოებასთან დაკავშირებით და გახდებოდნენ წევრები. თუმცა სულ რაღაც ოთხ წელიწადში მარტა კოსის განცხადება მეტყველებს, რომ არანაირი წევრობა თანაბარ პირობებზე არ იქნება. როგორც ჩანს, უკვე გვაჩვევენ ამ აზრს.
ეს არის მართლაც უდიდესი გაცხადება იმისა, თუ რა იყო სინამდვილეში განზრახული, თუნდაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. მოვისმინეთ, რომ რომელიმე კანდიდატი ქვეყანა თუ გახდება წევრი, მას ექნება ყველა ვალდებულება, რაც კი აქვს წევრს, მაგრამ არ ექნება თანასწორი უფლებები. არ ვიცი, ვის თავში იხარშება ასეთი აზრები, რომ შეიძლება, მთლიანად ერების მიმართ ჰქონდეს დისკრიმინაციული მიდგომა, რომ შეიძლება, ევროკავშირის წევრები პირველხარისხოვან და მეორეხარისხოვან წევრებად დაანაწევრონ, 21-ე საუკუნეში პირდაპირ ევროკომისრის მხრიდან გვესმოდეს ორუელისეული მიდგომა, რომ ყველა თანასწორია, თუმცა ზოგიერთი – უფრო თანასწორი.
ზუსტად ეს ითქვა გუშინ მარტა კოსის პირით, რაც სიახლე არ იყო. ნაბიჯ-ნაბიჯ გვაჩვევდნენ ამ აზრს. ეს ჯერ გერმანიის კანცლერმა თქვა უკრაინასთან მიმართებით და გახსოვთ უკრაინის რეაქცია, რომ უკრაინა არ აპირებს, მეორეხარისხოვან ერად შევიდეს ევროკავშირში. ეს ბუნებრივიც არის, მე არ მეგულება არცერთი ქვეყანა, გარდა მოლდოვისა, რომელიც სხვას გადასცემს ყველა პრივილეგიას, რომ გადაწყვეტილება მიიღოს მასზე. ვხედავთ, მოლდოვას სულ უფრო გაცხადებული აქვს, რომ ისინი საერთოდ სახელმწიფოს გაუქმებას აპირებენ, ეს ესახებათ მათ ევროკავშირში გაწევრიანების გზად. ჩვენ არაერთხელ გვსმენია ბოლო პერიოდში, მათ შორის, ევროპელებისგან, ევროკავშირის წარმომადგენლებისგან ფრაზა – არანაირი გადაწყვეტილება უკრაინაზე უკრაინის გარეშე. ეს მიდგომა არღვევს ზუსტად ამ პრინციპს, მათ შორის უკრაინის მიმართაც. უკრაინა თუკი გაწევრიანდება, უკრაინის საგარეო პოლიტიკაზე, უკრაინის უსაფრთხოების პოლიტიკაზე, უკრაინის საფინანსო პოლიტიკაზე ევროკავშირის ფარგლებში გადაწყვეტილებას მიიღებენ უკრაინის გარეშე, საქართველოს გარეშე, სერბეთის გარეშე, მონტენეგროს გარეშე, ყველას გარეშე, ვინც იქნება ახალი წევრი. იქ უნდა იყოს რაღაც კლუბი ძველი წევრებისა და ახალი წევრები, მარტა კოსმა ახსენა, რომ 15 წელი თითქოს გამოსაცდელ ვადაში უნდა ამყოფონ, ვიდრე რაიმე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მოუწოდებს ევროკავშირს, სასწრაფოდ შეწყვიტონ ამ იდეის განხილვაც კი და ერების პირველ და მეორე კლასის ერებად დახარისხება.
„საინტერესოა რადიკალების პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რას იტყვიან საჯაროდ? გახსოვთ განცხადებები, რომ ცალ ფეხზე უნდა დავდგეთ ევროკავშირის წევრობისთვის. ახლა აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ ევროკავშირში შესვლისთვის უნდა ვიდგეთ თურმე ცალ ფეხზე, არამედ შესვლის შემდეგაც უნდა ვიდგეთ ცალ ფეხზე, ეს მოგვახსენეს ჩვენ ამ იდეის გაჟღერებით. მოვუწოდებთ ერთადერთ რამეს, რომ სასწრაფოდ შეწყვიტონ ამ იდეის განხილვაც კი და ერების დახარისხება პირველ და მეორე კლასის ერებად.
ზიანი უკვე მიადგა კანდიდატ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობას თუნდაც ამ იდეის გაჟღერებით, რადგან ამით ევროკავშირმა აჩვენა, რა დამოკიდებულება აქვს რეალურად კანდიდატი ქვეყნების მიმართ. თუ არ ვცდები, ცხრა კანდიდატი ქვეყანაა და ამ ქვეყნებს უყურებს, როგორც მეორეხარისხოვან ქვეყნებს. ასევე, ხშირად გსმენიათ სხვა გამონათქვამი: ტანგოს ორი სჭირდებაო. თუნდაც, ევროპული ინტეგრაციის პროცესი ორივე მხარის მონაწილეობას მოითხოვს, მაგრამ არა მხოლოდ ორი სჭირდება არითმეტიკულად, არამედ სჭირდება ასევე ორი, რომელიც ერთმანეთს პატივს სცემს და არა ქედმაღლურად ზემოდან დაჰყურებს ერთი მეორეს.
იმედი მაქვს, ეს განხილვები შეწყდება და, მეორე მხრივ, ვფიქრობ, ახლა დადგა მომენტი, როცა კანდიდატმა ქვეყნებმა ხმა უნდა აიმაღლონ ამ მართლაც აღმაშფოთებელი ინიციატივის წინააღმდეგ, რომელიც 21-ე საუკუნეში ერების სეგრეგაციას გულისხმობს ევროკავშირის შიგნით. ჩვენ ოთხი წლის წინ როცა ვაკეთებდით განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, ხელი არ მოგვიწერია ამაზე, რომ საქართველოს გაწევრიანების შემდეგ არ ექნება ხმა და რეალური თანამონაწილეობა საგარეო პოლიტიკაში, ჩვენ ნაცვლად გადაწყვეტენ, ჩვენ გარეშე გადაწყვეტენ უსაფრთხოების პოლიტიკას, ევროკავშირის საფინანსო საბიუჯეტო პოლიტიკას ჩვენ გარეშე გადაწყვეტენ, უფლებების საკითხებს და ახალი უფლებების საკითხებს ჩვენ გარეშე გადაწყვეტენ. რაც მთავარია, ევროკავშირის ხელშეკრულებების შეცვლას გადაწყვეტენ ჩვენ გარეშე, რასაც უნდათ, იმას ჩაწერენ და ამოიღებენ ისე, რომ ახალ წევრებს არც კი ჰკითხავენ. არ ვიცი, სხვა რა არის საბჭოთა კავშირი, თუ არა ასეთი მიდგომა, რომ არსებობენ დიდი ერები და მცირე ერები და დიდი ერები დომინანტობენ მცირე ერებზე. სამწუხარო განვითარებაა ძალიან. ფროიდისეული წამოცდენა გეგონებოდა ადამიანს, რომ არ აკვირდებოდე, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა გვაგუებდნენ და გვაგუებენ ახლაც ამ აზრს, რომ ევროკავშირის წევრობის შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით მეორეხარისხოვანი ერი ევროკავშირში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
