“მედიიდან გავიგე ამ წუთას, რომ ვინმე გიორგი გედენიძე ჩემთვის ფბზე მოყენებული შეურაცხყოფის გამო 2000 ლარით დაუჯარიმებიათ”,- ამის შესახებ პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ის რაც ხდება გაუგონარი სიგიჟეა.
“არც გიორგი გედენიძე ვიცი, და არც შეურაცხყოფა მისგან. და მე თუ შეურაცხყოფილი არ ვარ, სახელმწიფო “იცავს” ჩემს ღირსებას ჩემი პოზიციის გარეშე? თან ის ხელისუფლება, რომ მაშანტაჟა, 4ჯერ დამიჭირა, ჩასაფრებები მომიწყო, ჩემი ფოტოები გამოაკრა ყოველი არჩევნების წინ მთელ თბილისში, ცოლშვილი ფარულად გადაიღო და მერე ვიდეო გამომიგზავნა და ვინ მოთვლის კიდევ.
ის არ მეყოფოდა, მე რომ მაჯარიმებენ და მიჭერენ და ახლა სხვებს ჩემ გამო რომ დააჯარიმებენ, ის უნდა ვიდარდო კიდე
ასეთი სიგიჟე გაუგონარია”,- წერს ნიკა გვარამია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გიორგი გედენიძე დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხით გათვალისწინებული ქმედებისთვის, კერძოდ, წვრილმანი ხულიგნობისთვის, რაც გულისხმობს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარ მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს. აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს მოქალაქის მომართვის საჭიროებას სამართალდარღვევაზე რეაგირებისთვის. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ასკ-ის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს მასზე რეაგირება.
