კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია „ფორმულას“ ცილისწამებაში ადანაშაულებს. დღევანდელი პირველი სასამართლო პროცესი გადაიდო. საქმე ეხება ტელევიზიის ეთერში გასულ ორ სიუჟეტს.
ხაინდრავას განცხადებით, სიუჟეტები დეზინფორმაციულია და არა მარტო პირადად მისი, არამედ სახელმწიფოს რეპუტაციის შელახვას ემსახურება.
„მე მაქვს საქმე ძებნილი კრიმინალის მიერ ნაძარცვი ფულით დაფუძნებულ ორგანიზაციასთან, რომელიც დაკავებულია ცილისწამებით და სიცრუის გავრცელებით. ცილი დამწამეს, რომ მე სუს-თან ერთად 2 ათასი დოლარის საფასურად 2 ათასი კაცი, არალეგალური პაკისტანელი შემოვიყვანე საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის უმძიმესი ცილისწამება, ვინაიდან სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ არის მიმართული. ეს სასამართლო აბსოლუტურად დაადასტურებს, რომ ეს არის ცილისწამების და სიცრუის გამავრცელებელი ორგანიზაცია, რომელსაც ზურგს უკან უდგას კრიმინალი, საქართველოდან გაქცეული ადამიანი, ვინც ქართული ჯარი გაძარცვა. ეს არის ამ დაპირისპირების არსი“, – განუცხადა ჟურნალისტებს გოგა ხაინდრავამ.
