თებერვლის ბოლოს, აშშ-ისრაელის ომის წინა დღეს, ირანის რეჟიმი თავისი ისტორიის ყველაზე სუსტ წერტილში იმყოფებოდა, წინა ორი წლის განმავლობაში მოწინააღმდეგეებმა მისი გავლენის უმეტესი ნაწილი გაანადგურეს. ექვსი კვირის შემდეგ, ის დაზარალდა, თუმცა სტრატეგიული მიღწევებით, რაც ძლიერი დასავლელი მოკავშირე შაჰის ეპოქაშიც კი არ შეინიშნებოდა, – წერს ტელეკომპანია CNN-ი სტატიაში სათაურით „ირანი ომიდან უპრეცედენტო სტრატეგიული უპირატესობით გამოდის“.
ირანისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებულმა ორკვირიანმა ზავმა, შესაძლოა, თეირანს მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს საზღვაო გასასვლელზე ფაქტობრივი კონტროლი შეუნარჩუნოს.
როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანს ჰორმუზის სრუტის გახსნა უბრძანა, მას არ მოუთხოვია ამ პოზიციის დათმობა. ნაცვლად ამისა, მან გაავრცელა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილი, რომელიც ადასტურებდა თეირანის უფლებამოსილებას აღნიშნულ წყალსავალზე.
მანამდე ირანის სტატუსი, როგორც ბირთვულ ზღვარზე მყოფი სახელმწიფოსი, და მისი რეგიონული პროქსი ჯგუფების ქსელი მას ძალის დემონსტრირების საშუალებას აძლევდა. ახლა ჰორმუზის სრუტემ ორივე მათგანი ეფექტურად ჩაანაცვლა, როგორც გავლენის უდიდესმა წყარომ – მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი სრუტის გახსნას დიდ მიღწევად აფასებს, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ომამდე ნაოსნობა სრუტეში შეუფერხებლად მიმდინარეობდა და არცერთი სახელმწიფო არ აცხადებდა მასზე კონტროლს.
სრუტეზე კონტროლის შენარჩუნება და ირანის მიერ გავლისთვის მოსაკრებლის შესაძლო დაწესება საერთაშორისო საზღვაო წესრიგიდან მკვეთრი გადახვევა იქნება. ეს თეირანს მისცემს ფაქტობრივ ვეტოს უფლებას ყველაფერზე, რაც იქ გაივლის – დაწყებული საკვები პროდუქტების იმპორტით, დამთავრებული მისი არაბი მეზობლების ნავთობისა და გაზის ექსპორტით.
ირანის შაჰის მმართველობის ეპოქაში, ყურის არაბული ქვეყნები თეირანს მოძალადედ – ე.წ. „ყურის პოლიციელად“ აღიქვამდნენ. ომის ისეთი დასასრული, რომელიც ირანს ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს შეუნარჩუნებს, ქმნის რისკს, რომ ეს აღქმა რეალობად იქცეს.
