იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განმარტებით, საქართველოში ჯერ კიდევ ძველი ტიპის პენიტენციური დაწესებულებებია, სადაც ჰიგიენური პირობების დაცვა ძნელია, თუმცა წელიწადში მინიმუმ ორჯერ, შესაბამისი კომპანია დაწესებულებებში სრულ დეზინფექცია, დეზინსექცია, დერატიზაციას ახორციელებს და კომპლექსური ღონისძიებები ტარდება.
როგორც სალიამ “ღამის კურიერის” ეთერში აღნიშნა, საკნებში სისუფთავის დაცვა პატიმრების უშუალო მოვალეობაა და ამ მიმართულებით გარკვეული სამუშაოებია ჩასატარებელი, რათა პატიმრებში კულტურა და დისციპლინა ამაღლდეს.
“ინფრასტრუქტურაზე ბევრი რამე არის დამოკიდებული და ეს მნიშვნელოვანია, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ძველი ტიპის დაწესებულებები. შესაბამისად, ამ დაწესებულებებში კიდევ უფრო რთულია ჰიგიენური პირობების დაცვა, თუმცა ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ სტანდარტი ყველგან ერთნაირი გვაქვს. ჩვენ წელიწადში მინიმუმ ორჯერ ვიწვევთ დაქირავებულ კომპანიას, რომელიც წელიწადში მინიმუმ ორჯერ ახორციელებს სანიტარულ მომსახურებას. ხდება სრული დეზინფექცია, დეზინსექცია, დერატიზაცია და კომპლექსური ღონისძიებები ტარდება. როდესაც ადგილობრივად არის საჭიროებები, დამატებით ისინი გვიწევენ ამ მომსახურებას. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პრობლემები არ არის ომბუდსმენის ანგარიშშიც, ეს მხოლოდ რამდენიმე დაწესებულებას ეხებოდა. აქ კიდევ მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ საკნებში სისუფთავის დაცვა არის უშუალოდ პატიმრების ვალდებულება. ამ მიმართულებითაც გარკვეული სამუშაოები გვაქვს ჩასატარებელი, რომ ავამაღლოთ კულტურა და დისციპლინა, რომ პატიმრებმა თავიანთ საკნებში დაიცვან სისუფთავე”, – განაცხადა პაატა სალიამ.
