„პრაიმტაიმმა“ შსს-ს არქივში დაცულ სკანდალურ დოკუმენტებს გადაავლო თვალი, სადაც ზედმიწევნითაა აღწერილი, რა მეთოდებს მიმართავდა საბჭოთა უშიშროება უდანაშაულო ადამიანების მიმართ დანაშაულის აღიარების მიზნით.
არქივში დაცული დოკუმენტებით ირკვევა, რომ წამების ერთ-ერთ ფორმად ჩემოდნებს გამოიყენებდნენ. ქვებითა და აგურებით გამოტენილ უსახელურო ჩემოდანს ცალ ფეხზე მდგარ პატიმარს აჭერინებდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც უკვე ასეთივე, ოღონდ სახელურიან ჩემოდანს დაპატიმრებულს ხელის მტევანზე აბამდნენ, მეორე ხელით კი კედელზე კიდებდნენ. ასეთ პირობებში პატიმარს არ შეეძლო სიმძიმის დაბლა დაშვება.
დოკუმენტებში დაცულია წამების ისეთი ფაქტებიც, როგორიცაა აუტანელ სიცხეში პატიმრის ბეწვეულში გამოწყობა და თაკარა მზის ქვეშ დაყენება. შინსახკომის გამომძიებლებმა წამების რამდენიმე მეთოდს ორიგინალური სახელწოდებებიც მოუძებნეს, ასე მაგალითად:
„მაუზერი“ – აუტანელ სიცხეში პატიმარს აცმევდნენ თბილ ბეწვეულს და ჭიქით სავსე წყალს მის თვალწინ ღვრიდნენ. „აიწონა-დაიწონა“ (ვერსია #1 ) – იატაკზე გუალღმა დაგდებულ პატიმარს მუცელზე ადებდნენ ფიცარს, რომლის შუაშიც ლურსმნები იყო გამოსული. ფიცრის კიდეებს ორი თანამშრომელი მორიგეობით აწვებოდა.
„აიწონა-დაიწონა“ (ვერსია #2) – სკამის საზურგეზე გადაწოლილ პატიმარს შინსახკომის თანამშრომლები აქანავებდნენ და ურტყამდნენ. „პარილნიკი“ – პატიმრებით გადაჭედილი მცირე საკანი, სადაც სუნთქვა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
„კონვეირული დაკითხვა“ – დაპატიმრებულს 3 დღის განმავლობაში არ აძლევდნენ საკვებს და ძილის საშუალებას. გამომძიებლები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, თუმცა კითხვებს არ სვამდნენ. პატიმრებს კედელთან ხელებაწეული ყოფნა ევალებოდათ.
„წყლის კარცერი“ – რკინა-ბეტონის არცთუ ისე დიდი უფანჯრო შენობა, სადაც დაახლოებით 20 სანტიმეტრზე წყალს აგუბებდნენ. პატიმარს აშიშვლებდნენ და წყალს კარცერში სვამდნენ. მას ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება იქვე უწევდა. იყო შემთხვევები, როცა დაკავებულს მწირი ულუფისა და წყლის გარეშე ტოვებდნენ. ასეთ მდგომარეობაში ყოფნა 3-4 დღე-ღამით, ან განუსაზღვრელი ვადით გრძლედებოდა.
„წყლის კარცერში“ ადამიანები ხშირად იხოცებოდნენ. არქივში დაცული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ჯალათები წამების საშუალებად ხშირად იყენებდნენ რეზინის ხელჯოხს, დაგრეხილ თოკს, სკამის ფეხს, დაგრეხილ მავთულს, სველ შოლტსა და მათრახს.
„პრაიმტაიმი“ მკითხველს სთავაზობს რამდენიმე ამონარიდს შსს-ს არქივში დაცული დოკუმენტებიდან, რომელიც სწორედ წამების ზემოხსენებულ მეთოდებზე მიუთითებს.
1938 წლის 10 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე გვიშიანი სრულიად საიდუმლოდ წერს სახელმწიფო უშიშროების მეორე რანგის კომისარს, ამხანაგ გოგლიძეს:
„არ შემიძლია, არ გაცნობოთ იმ საზარელ და საშინელ ქმედებათა შესახებ, რომელსაც შინსახკომის ორგანოთა თანამშრომელები ეწევიან და რომლის მოწმეც პირადად გავხდი.
არსებობს სხვადასხვა სახის რეპრესიები. მაგალითად: მთლიანად აშიშვლებენ ადამიანს და იატაკზე აგდებენ. შემოდის 4 „მებრძოლი“ მათრახით ხელში. პატიმარს გონების დაკარგვამდე სცემენ. სულის მოსათქმელად მსხვერპლს 5 წუთს აძლევენ. ამასთანავე, „მებრძოლებსაც“ ესაჭიროებათ შესვენება. დაკავებულს ნიშადურის სპირტით ასულიერებენ, წყალს ასხამენ და გონზე მოსულს კვლავ დაუნდობლად სცემენ. ისმის არაადამიანური ხმები, მსხვერპლი იხვეწება, ამბობს, რომ დამნაშავე არ არის, თუმცა მისი მუდარა არ ჭრის. პატიმარი ხელმეორედ კარგავს გონს. „ეს არამზადა სიმულანტობს“, – ამბობენ მებრძოლები.
პირში ქაღალდებსა და ჩვარს ჩრიან. რეპრესიები მანამ გრძელდება, სანამ მსხვერპლი კონტრრევოლუციონერობას არ აღიარებს. 4-5 საათის შემდეგ ის საკანში მიჰყავთ, სადაც საშინელი სურათი ხვდება: ხორცებამოგლეჯილი რეპრესირებულები იხრწნებიან, ლპებიან, ბუზები ეხვევათ, საზარელი სული ტრიალებს, აუტანელი სიცხეა, 12 კვ.მ-იან საკანში 18-20 ადამიანია, დასაჯდომი ადგილი არ არის“.
აქვე გთავაზობთ კიდევ ერთ ამონარიდს ზემოხსენებული მოხსენებითი ბარათიდან, რომელიც უშიშროების კომისარ გოგლიძეს საიდუმლოდ გაეგზავნა: „შიდა ციხეში 1938 წლის დასაწყისში შეიქმნა კარცერი. ამისთვის გამოიყენეს რკინა-ბეტონის შენობა, რომელიც ადრე წვიმის წყლის რეზერვუარს წარმოადგენდა. ე.წ. წყლის კარცერს პატარა კარი ჰქონდა.
წყლის მუდმივი დონე, რომელიც 20 სმ-ს აღწევდა, სპეციალური სისტემით იყო უზრუნველყოფილი, რომელიც წყალსადენს უკავშირდებოდა. კარცერი დაბალი შენობა იყო, ცემენტის იატაკით, ფანჯრები არ ჰქონდა. აღიარებითი ჩვენების მისაღებად ოპერატიული შემადგენლობა ხშირად მიმართავდა კარცერს“.
საინტერესოა თავად დაზარალებულთა ჩვენებებიც, რომლებიც სასტიკ მოპყრობას დეტალურად აღწერდნენ.
ამონარიდი დაზარალებული გალაკტიონ ენუქიძის ჩვენებიდან: „რამდენიმე ხნის შემდეგ შემოვიდა ჩემთვის უცნობი თანამშრომელი – შემომთავაზა ფეხსაცმლის გახდა და იატაკზე პირქვე დაწოლა. როდესაც მისი ბრძანება შევასრულე, ასლანოვი და ენიქიძე ხელჯოხს ქუსლებში მირტყამდნენ. მაიძულებდნენ, მეღიარებინა – ვინ გადამიბირა და ვინ გადავიბირე.
ასეთი შეურაცხყოფის თავიდან ასაცილებლად რამდენჯერმე გონმიხდილის მდგომარეობა გავითამაშე“.
ამონარიდი დაზარალებული მარიდაშვილის ჩვენებიდან: „ახალგაზრდული ორგანიზაციის საქმის ძიების პროცესში სასტიკად მამცირებდნენ. ბოთლზე დამსვეს. ჩემ თვალწინ სცემეს როსტომაშვილსა და ზაბიდაშვილს“.
არქივში დაცული დოკუმენტური მასალით ცნობილი ხდება, რომ საბჭოთა გულაგებში სასტიკ ცემას ემატებოდა დაბინძურებული საკვებიც, სადაც დაპატიმრებულები შეჰყავდათ.
ამონარიდი დაზარალებულ კლიმენტი ჯაფარიძის ჩვენებიდან:
„ზემო სვანეთის შინსახკომის საპატიმროში ყოფნისას არასდროს დამავიწყდება, რაც იქ ვნახე. ამის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია. ეს ჯოჯოხეთური კადრები პერიოდულად თვალწინ მიდგება ხოლმე. საკანში, სადაც 50 პატიმარი იმყოფებოდა, არ გვაძლევდნენ დაბანის საშუალებას, არ შეგვეძლო საცვლების გამოცვლა. სარეცის ვედროთი და რკინის ორი დაჟანგული ყუთით საკანში შემოჰქონდათ რაღაც საძაგელი სითხე, რომელიც უნდა გვეჭამა, ჩვენც ვჭამდნით, მთავარი იყო, მუცლები ამოგვევსო. საკანი იმდენად იყო გადავსებული, რომ დაჯდომაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო, დგომაც კი ჭირდა“.
„დაპატიმრებულებს სცმედნენ მხეცურად, ხადახან ისეთ მდგომარეობამდე მიჰყავდათ, რომ ცემისაგან იღუპებოდნენ. ზოგიერთები ვეღარ უძლებდნენ რეპრესიებს და მეორე სართულიდან ხტებოდნენ. ფანჯრიდან გადახტა და თვითმკვლელობა სცადა ვინმე გარციკიამ, მაგრამ გადარჩა. ხოლო ერთი სტუდენტი, რომლის გვარიც არ მახსოვს, ფანჯრიდან გადახტომის შემდეგ ისე დაიმტვრა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – ვკითხულობთ ერთ-ერთი დაზარალებულის ჩვენებაში.
როგორც ჩანს, ჯალათები პატიმრების ცემის დროს ისე შედიოდნენ აზარტში, იმასაც კი ვერ ხვდებოდნენ, რომ დაკავებული წამებისგან უკვე გარდაცვლილი იყო.
პატიმრების ცემა-წამება სხვადასხვა იარაღით ხორციელდებოდა: რეზინისა და მეტალის ჯოხებით, შომპოლებით, მათრახებით, სახაზავებით, ღვედებით. რუხაძის დაქვემდებარებულ თანამშრომლებს წამების თავიანთი მეთოდებიც ჰქონდათ. შიშველ ფეხის თითებს ქუსლებს აჭერდნენ. სასქესო ორგანოებს სპეციალური მარყუჭებით უწელავდნენ. პატიმრებს სცემდნენ დღისითაც და ღამითაც, ისე, რომ მათი ხმა მოსახლეობამდეც აღწევდა.
ბევრი მათგანი წამებას ვერ უძლებდა და უშუალოდ დაკითხვის დროს იღუპებოდა. ერთხელ სერებრიაკოვის კაბინეტში შევედი, სკამზე პატიმარი იჯდა, ჩემს კითხვაზე, როგორაა საქმე-მეთქი, სერებრიაკოვმა მითხრა, – ხმას არ იღებს და კითხვაზე პასუხს არ მცემსო. რომ მივუახლოვდი, მივხვდი, პატიმარი უკვე მკვდარი იყო. როცა ვკითხე, რა უქნა, ორი თითის სისქის მავთულის მათრახი მაჩვენა. ამ მათრახს ურტყამდა შიშველ ზურგზე და ისე შემოაკვდა, ვერც კი მიხვდა“.
რა სკანდალურ დოკუმენტებს ინახავს შსს-ს არქივი – რა მეთოდებით აწამებდნენ პატიმრებს
2016/06/06 19:49:51
კომენტარები
ნანახია: 2406 ჯერ