დაახლოებით ერთი წლის წინ ვიღაცას რომ ეთქვა, რომ აშშ-სთან ურთიერთობები უნდა გადაიტვირთოს, ეს ყველას ზღაპრად მოეჩვენებოდა, თუმცა ყველა ხედავს, თუ როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებთ წინა ადმინისტრაციის მიერ დაზიანებულ ურთიერთობებს, რადგან შეიცვალა ადმინისტრაცია, შეიცვალა მიდგომები და ჩვენ ვხედავთ, რომ დაინტერესებულია ჩვენთან ურთიერთობების გადატვირთვით, – განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინი და წინა ადმინისტრაციის პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკელი ხალხის პოზიცია, ის უსამართლობა იყო კონკრეტული ადმინისტრაციის პოზიცია.
„ევროკავშირის შემთხვევაშიც ეს უსამართლო დამოკიდებულება ევროპელი ხალხის პოზიცია არ არის, ეს არის კონკრეტულად მმართველი კლასის პოზიცია, რომელიც აუცილებლად შეიცვლება თუ მმართველი კლასი გამოიცვლება.
ერთი ოფცია არის, რომ ეს მმართველი კლასი უნდა შეეგუოს, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერ ანაცვლებენ ვერც რევოლუციით და ვერც არჩევნებით, ვინაიდან ერთიც და მეორეც რამდენჯერმე სცადეს ჩვენს ქვეყანაში. უნდა დასხდნენ და ჩვენ გვესაუბრონ, რადგან ძალიან ვჭირდებით.
„შუა დერეფნის“ როლი დღეს არის გაასმაგებული. მინიმუმ სათავისოდ, პრაგმატულად მაინც უნდა გადადგან ის ნაბიჯი, რომ ჩვენ რუკაზე შეგვიმჩნიონ და აღიარონ, რომ საქართველო თურმე ხერხემალი ყოფილა „შუა დერეფნის“. ეს არის მეორე ოფცია.
არის მესამე ოფციაც, თუ არც პირველი მოხდება და არც მეორე – როგორც ამერიკელმა ხალხმა გამოიღვიძა და უარი თქვა იმ რაღაც უვარგის პროპაგანდაზე, ევროპელმა ხალხმაც უარი უნდა თქვას ანალოგიურზე და ჩანაცვლდეს ეს მმართველი კლასი“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
