2025 წლის ოქტომბერში, სერგეი ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს. მისი საქმე ჯერ კიდევ გამოძიების სტადიაშია. 20 წლის მამაკაცი აღიარებს, რომ კიევში სამხედრო მანქანას ცეცხლი 500 დოლარის სანაცვლოდ წაუკიდა, შემდეგ კი ნიკოლაევში ჩავიდა, სადაც მეორე ავტომობილი უნდა აეფეთქებინა. ოდესის ოლქის მცხოვრებმა ახალი დანაშაულის ჩადენა ვერ მოასწრო, რადგან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.
რატომ გადაწყვიტა ამ ნაბიჯის გადადგმა და როგორ ამყარებდა კომუნიკაციას რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან (FSB), ამის შესახებ სერგეიმ უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის (Suspilne) კორესპონდენტებს უამბო.
მისი თქმით, როდესაც ის სამსახურიდან გაათავისუფლეს და ოდესის ოლქში ნაქირავები ბინა დაკარგა, ამ დროს „ტელეგრამზე“ ფულის შოვნის შესაძლებლობის შესახებ განცხადებას წააწყდა. ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი ამბობს, რომ პირველი დავალება კიევში უკრაინის შეიარაღებული ძალების მანქანისთვის ცეცხლის წაკიდება იყო.
„განცხადებაში ეწერა: „სამუშაო ყველასთვის“. ოპერატორს მივწერე და ვკითხე, რა სამუშაო იყო. მან მიპასუხა: „ცეცხლის წაკიდება“. უფულოდ ვიყავი და დავთანხმდი“, – განაცხადა ეჭვმიტანილმა.
„შენ ირჩევ, რა უნდა დაწვა, ისინი კი გაძლევენ სარელეო კარადას, ან სხვა რამეს. მე მანქანა ავირჩიე და დავწვი. 500 დოლარი გადამიხადეს“.

ამის შემდეგ, სერგეის ნიკოლაევში სხვა დავალების შესასრულებლად წასვლა შესთავაზეს და ისიც დათანხმდა.
„ოპერატორმა მომწერა, რომ სამალავიდან ნივთები ამეღო; ავიღე და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აწყობა დავიწყე. ბომბს ოპერატორის მკაფიო მითითებებით ვაწყობდი“, – ამბობს ეჭვმიტანილი.
„ნარკოტიკები და ალკოჰოლი თავისას აკეთებს, არ ფიქრობ იმაზე, რა შედეგი დადგება. თავში მხოლოდ ერთი რამ გიტრიალებს: „ოჰ, ფული, ფული“ – და… მიდიხარ და აკეთებ. შედეგებზე არ ფიქრობ“.
გადაბირებულმა მამაკაცმა ასაფეთქებელი მოწყობილობის აწყობა ვერ მოასწრო, ის უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებმა ნაქირავებ ბინაში დააკავეს. სერგეი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. მას, შესაძლოა, 12 წლით ან სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს.

ნიკოლაევის ოლქის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ოფიცრის, დიმიტრის თქმით, სამიზნე სამხედრო მანქანა უნდა ყოფილიყო.
„ამ ყველაფრისთვის რუსულ სპეცსამსახურებს ვიდეოთვალით უნდა ედევნებინათ თვალი. როდესაც მძღოლი მანქანას მიუახლოვდებოდა, სერგეის დისტანციური აფეთქება უნდა მოეხდინა“, – განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერმა.
„სერგეის თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება ჰქონდა დავალებული. ექსპერტების ენით რომ ვთქვათ, ეს დაახლოებით სამი კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტი იყო, რაც ნიშნავს, რომ მანქანა ნაწილებად დაიშლებოდა“.
„ასეთი დავალებებისთვის უკრაინელებს რუსეთის „ეფ-ეს-ბე“ ასაქმებს“, – ამბობს კონტრდაზვერვის ოფიცერი არტემი. მისი თქმით, რუსული სპეცსამსახურების მთავარი არგუმენტი ფულია.
„მეორე მხარეს კი დაბალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები არიან. ეს ის ხალხია, ვინც ფულის სწრაფად და იოლად შოვნის გზებს ძებს“, – აღნიშნა არტემმა.
„მათ შეუძლიათ, ეს ადამიანები „ბრმად“ გამოიყენონ, ისე, რომ არ უთხრან, რომელ მხარეს წარმოადგენენ. ან, შეიძლება უთხრან, რომ აგრესორის წარმომადგენლები არიან, მაგრამ იქვე დაამატონ: „ჩვენ მზად ვართ, გარკვეული სამუშაოსთვის, დიდი თანხა გადაგიხადოთ“.

2024 წლიდან დღემდე, უკრაინაში გამოვლენილია 1 110 პირი, რომლებიც რუსული დაზვერვის მიერ ორგანიზებულ დისტანციურად ცეცხლის წაკიდებასა და აფეთქებებში მონაწილეობდნენ. ბოლო სამი თვის განმავლობაში, რუსეთის 309 აგენტია დაკავებული.
ოფიცერ არტემის თქმით, მსგავსი წინადადებების მიღების შემთხვევაში, უკრაინელებისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან ან უწყების ჩატბოტთან დაკავშირებაა.
„ჩვენ აუცილებლად ვესტუმრებით იმ ადამიანებს, რომელთა გადაბირებასაც რუსული სპეცსამსახურები ცდილობენ“.
წყარო: https://suspilne.media/mykolaiv/1306259-ne-dumav-so-stanu-teroristom-colovik-akogo-zatrimali-u-mikolaevi-rozpoviv-ak-hotiv-pidpaliti-avto-zsu/
