ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის მოქალაქეებზე 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ზე მეტით მეტი შენგენის ვიზა გასცეს. მართალია, ევროკომისიის ანგარიშების თანახმად, გაცემული ვიზების რაოდენობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ომამდელ წლებში, მაგრამ სტატისტიკური მონაცემებით ეს არ დასტურდება.
ამ მონაცემების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებმა 2025 წელს შენგენის ვიზის მისაღებად 670 000-ზე მეტი განაცხადი წარადგინეს, რაც თითქმის 8%-ით მეტია, 2024 წელთან შედარებით.
2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის მოქალაქეებზე 620 000-ზე მეტი ვიზა გასცეს, რაც 10.2%-იან ზრდას წარმოადგენს, 2024 წელთან შედარებით. აქედან 477 ათასი ვიზა ტურისტული იყო. მეორე ყველაზე გავრცელებულ კატეგორიას წარმოადგენდა ოჯახისა და მეგობრების მონახულება, რის შემდეგაც მოდის კატეგორია სახელწოდებით „საქმიანი ვიზიტები“.
საფრანგეთმა, იტალიამ და ესპანეთმა რუსეთის მოქალაქეების მიერ წარდგენილი სავიზო განაცხადების თითქმის სამი მეოთხედი დაამუშავეს. საფრანგეთმა არა მხოლოდ ყველაზე დიდი რაოდენობით ვიზა გასცა, არამედ 2025 წელს მათი რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 25%-ზე მეტით გაზარდა.
ვენეციის ბიენალეზე რუსეთის მონაწილეობის ირგვლივ ატეხილი ბოლოდროინდელი დავის ფონზე, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხმა პოლიტიკური განზომილება შეიძინა იტალიაშიც. ორგანიზატორებს შორის მიმოწერამ ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობები გამოავლინა (საუბარია სქემებზე ან ფორმებზე, როცა რუსი ხელოვანები ოფიციალურად არ ფიგურირებენ, როგორც რუსეთის პირდაპირი წარმომადგენლები, მაგრამ შუამავლების, პარტნიორი ორგანიზაციების, სხვა ქვეყნების პლატფორმების ან არაპირდაპირი ფორმატების საშუალებით მაინც ახერხებდნენ ფორუმში მონაწილეობას – რედ). ამ სქემის ფარგლებში, ორგანიზატორები ცდილობდნენ, ვიზების მისაღებად, რუსი ხელოვანებისთვის მხარდამჭერი წერილები გადაეცათ.
Euractiv: Οι χώρες της ΕΕ εξέδωσαν 10% περισσότερες βίζες Σένγκεν σε Ρώσους το 2025
