პოლონეთის ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ზბიგნევ ზიობრო, რომელიც საკუთარ ქვეყანაში სისხლის სამართლის რამდენიმე დანაშაულის ჩადენის ბრალდების საფუძველზე იძებნება, უნგრეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიქცა. კვირას, 10 მაისს, ამ ინფორმაციის ადგილობრივი მედიით გავრცელების შემდეგ, ოკეანის გაღმა ყოფნის ფაქტი თავად ზიობრომაც დაადასტურა.
„მე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიმყოფები“, – განუცხადა პოლონელმა ექს-მინისტრმა მემარჯვენე ტელეარხ Republika-ს. „აქ გუშინ ჩამოვედი და ეს უკვე მესამე შემთხვევაა, რაც ამ ქვეყანაში ვმოგზაურობ“, – დასძინა მან. ზიობროს, რომელმაც გასულ წელს თავშესაფარი მემარჯვენე მოკავშირის, ვიქტორ ორბანის მთავრობისგან მიიღო, პოლონეთში ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 25 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბრალდებები გულისხმობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობას და დანაშაულის მსხვერპლთათვის განკუთვნილი სახსრების გამოყენებას ისრაელის ჯაშუშური პროგრამა „პეგასუსის“ შესაძენად, რომელიც, სავარაუდოდ, პოლიტიკური ოპონენტების თვალთვალისთვის გამოიყენებოდა.
მას შემდეგ, რაც აპრილის არჩევნებში ორბანის პარტია ხელისუფლებას ჩამოშორდა, უნგრეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა, რომლის ინაუგურაციაც შაბათს შედგა, განაცხადა, რომ ოფიციალური ბუდაპეშტი სხვა ქვეყნების მიერ ძებნილ პირებს აღარ დაიცავს. „უნგრეთი აღარ იქნება საერთაშორისო დონეზე ძებნილი დამნაშავეების ნაგავსაყრელი“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს და მაგალითად მოიყვანა ზიობრო და მისი ყოფილი მოადგილე, მარჩინ რომანოვსკი, რომლებიც თითქმის 40 მილიონი ევროს (47 მილიონი დოლარის) მითვისებაში არიან ეჭვმიტანილნი. ტელეკომპანია Republika-მ კვირას დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზიობრო აშშ-ში იმყოფებოდა, ხოლო ლიბერალურმა ტელეარხმა TVN24-მა გამოაქვეყნა ნიუარკის ლიბერტის საერთაშორისო აეროპორტში გადაღებული ზიობროს ფოტო, რომელიც, ტელეარხის ცნობით, სხვა მგზავრმა გადაიღო. გაურკვეველია, როგორ მოახერხა ზიობრომ აშშ-ში გამგზავრება, რადგან პოლონეთმა მანამდე განაცხადა, რომ მისი სამგზავრო დოკუმენტები, მათ შორის პოლონური და დიპლომატიური პასპორტები, ანულირებული იყო.
საინფორმაციო პორტალ „ონეტის“ ინფორმაციით, ზიობროს Republika-ს ჟურნალისტის ვიზა გააჩნდა. პოლონეთის მემარჯვენე ფრთასთან აფილირებულმა ტელეარხმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ყოფილი იუსტიციის მინისტრი აშშ-ში თავიანთ პოლიტიკურ კომენტატორად დაიქირავეს.
პოლონეთი აშშ-ს დაუკავშირდება
პოლონეთის მოქმედმა იუსტიციის მინისტრმა, ვალდემარ ჟურეკმა X-პლატფორმაზე დაწერა, რომ „პოლონეთი დაუკავშირდება აშშ-სა და უნგრეთს შეკითხვებით იმ სამართლებრივი საფუძვლის შესახებ, რამაც ზბიგნევ ზიობროს საშუალება მისცა, მოქმედი დოკუმენტების არქონის მიუხედავად, ამერიკის შეერთებულ შტატებში შესულიყო“. „ჩვენ არ შევწყვეტთ ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ მან და ბატონმა მარჩინ რომანოვსკიმ პოლონეთის მართლმსაჯულების წინაშე პასუხი აგონ“, – განაცხადა მან. მანამდე ჟურეკმა ტელეკომპანია Polsat-ს განუცხადა: „თუ დადასტურდა, რომ ზიობრო აშშ-შია, მაშინ პოლონეთი მისი ექსტრადიციის მოთხოვნას წარადგენს“. ზიობრო იყო ულტრაკონსერვატიული პარტიის, „სუვერენული პოლონეთის“ ლიდერი, რომელიც ნაციონალისტური პარტიის „კანონი და სამართლიანობის“ (PiS) კოალიციურ პარტნიორს წარმოადგენდა. 2015-დან 2023 წლამდე, ის იუსტიციის მინისტრისა და გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.
ზიობრო ასევე ცნობილია, როგორც სასამართლო რეფორმების არქიტექტორი, რომელმაც პოლონეთსა და ევროკომისიას შორის დაპირისპირება წარმოშვა. შესაძლო ექსტრადიციის შესახებ Republika-ს მიერ დასმულ კითხვაზე ზიობრომ უპასუხა: „მზად ვარ წარვდგე ნებისმიერი დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე, ამერიკული სასამართლო კი ნამდვილად დამოუკიდებელია. თუ მათ სურთ ექსტრადიციის პროცედურის დაწყება, კი ბატონო“, – დასძინა მან. ამასთან, ზიობრომ მის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები უარყო და პოლონეთის ცენტრისტული მთავრობა კონსერვატორების წინააღმდეგ „კუდიანებზე ნადირობის“ მოწყობაში დაადანაშაულა.
https://www.afp.com/en/agency/our-commitments/afp-charters
