უკრაინის მორიგი დაბომბვის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი, უკრაინის მხარდაჭერის ფარგლებში, 6 მილიარდი ევროს ღირებულების დრონების პაკეტზე მუშაობას ასრულებს.
მან ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
ფონ დერ ლაიენის თქმით, 14 მაისის ღამეს „რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დრონებით ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და სასტიკი თავდასხმა განახორციელა“.
„სიკვდილისა და ნგრევის კიდევ ერთი ღამე. მშვიდობიანი მოსახლეობის განურჩეველი დაბომბვა. მაშინ, როცა რუსეთი ღიად დასცინის დიპლომატიურ ძალისხმევას, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის გაძლიერებას. 6 მილიარდი ევროს ღირებულების დრონების პაკეტზე მუშაობას ვასრულებთ“, – წერს ფონ დერ ლაიენი.
მისივე განცხადებით, კიდევ უფრო მკაცრი სანქციების დაწესების გზით, ევროკავშირი რუსეთის სამხედრო ეკონომიკაზე ზეწოლას გააგრძელებს.
ცოტა ხნით ადრე კი, ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პირველ ტრანშს 2026 წლის მეორე კვარტალში გამოყოფს. მისი განმარტებით, თანხები ორ მიმართულებაზე გადანაწილდება. დაფინანსების დაახლოებით მესამედი უკრაინის საბიუჯეტო საჭიროებებისთვის იქნება გამოყენებული, ხოლო ორი მესამედი თავდაცვის სექტორს, მათ შორის, უკრაინული დრონების წარმოებას მოხმარდება.
რა არის ცნობილი 14 მაისის ღამეს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შესახებ
14 მაისის ღამეს, რუსულმა ძალებმა კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონზე, სხვადასხვა ტიპის დრონებით, ასევე ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს იერიში. თავდასხმებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა.
როგორც უკრაინის საჰაერო ძალები იტყობინება, 13 მაისის 18:00 საათზე მოიერიშე დრონებით დაწყებული მასირებული შეტევების შემდეგ, რუსულმა ძალებმა იერიში განაგრძეს და უკრაინაზე კომბინირებული თავდასხმა მოიერიშე დრონების გარდა, საჰაერო და სახმელეთო ბაზირების რაკეტებითაც განახორციელეს. 14 მაისის ღამეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მტრის 675 უპილოტო საფრენი აპარატიდან 652 ჩამოაგდეს, ხოლო 56 რაკეტიდან 41 გაანადგურეს. მიუხედავად ამისა, 15-მა რაკეტამ და 23-მა მოიერიშე დრონმა 24 ობიექტი დააზიანა, ხოლო დრონების ნამსხვრევები 18 ადგილას ჩამოვარდა.
კიევში, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა. დედაქალაქის დარნიცკის რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსის კონსტრუქცია. 13:33 საათის მონაცემებით, სულ მცირე, 20 ადამიანი დაკარგულად ითვლება. კიევის ოლქში ნგრევა ხუთ რაიონში დაფიქსირდა.
ხარკოვში საჰაერო დარტყმა დაფიქსირდა შევჩენკოვსკის რაიონში, სადაც 15 ადამიანი დაიჭრა. ასევე, 14 მაისის დილას, რუსეთმა ხარკოვის სალტოვკის რაიონს „შაჰედებით“ შეუტია. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა ცხრა ადამიანი, მათგან ორი ბავშვია.
ოდესის ოლქში, რეგიონული პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთმა, მოიერიშე დრონებით, მასირებული იერიში მიიტანა პორტსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. დაბომბვის შედეგად დაზიანდა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი სართული. დაიჭრა ორი მამაკაცი, ორივე მათგანი ჰოსპიტალიზებულია.
ზაპოროჟიეში დარტყმა სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.
14 მაისს, რუსეთის არმია დრონით თავს დაესხა ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ ნოვგოროდ-სევერსკის. დარტყმამ სასოფლო-სამეურნეო საწარმოს აღჭურვილობა დააზიანა.
https://suspilne.media/1311109-ursula-fon-der-laen-es-zaversue-pidgotovku-paketa-na-6-mlrd-evro-na-droni-dla-ukraini/
