იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც სრულწლოვანების ასაკს მიაღწიეს, მაგრამ საშუალო განათლების მიღება არ დაუსრულებიათ, მუნიციპალური საარჩევნო კომისიების წევრობის უფლება ექნებათ. ეს გადაწყვეტილება ლატვიის პარლამენტმა (სეიმმა) 14 მაისს მიიღო.
ეს ინიციატივა „ახალგაზრდულ პარლამენტს“ ეკუთვნის, რომელსაც სეიმმა მხარი დაუჭირა.
სეიმის სახელმწიფო მართვისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ოლეგ ბუროვსის განმარტებით, „ახალგაზრდული პარლამენტი“ და ორგანიზაცია „ევროპული მოძრაობა ლატვიაში“ გამოვიდნენ მოწოდებით, რომ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც 18 წელი უკვე შეუსრულდათ, მაგრამ საშუალო განათლების მიღება ჯერ არ დაუსრულებიათ, მუნიციპალური საარჩევნო უბნების კომისიების მუშაობაში მონაწილეობის უფლება მისცემოდათ.
ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, საარჩევნო საუბნო კომისიები კომპლექტდება ლატვიის მოქალაქეებით, რომლებიც ფლობენ ლატვიურ ენას და, მინიმუმ, ზოგადი საშუალო განათლება აქვთ. შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილება საშუალო განათლების მოთხოვნას მინიმალური ასაკის (18 წელი) მოთხოვნით ჩაანაცვლებს.
ეს იდეა მე-13 ახალგაზრდული სეიმის წევრმა, მარკუს ბიტენიეკსმა წამოაყენა. მისი აზრით, თუ 18 წლის ან უფრო მეტი ასაკის ახალგაზრდას აქვს ლატვიაში ხმის მიცემისა და არჩევნებში კენჭისყრის უფლება, მას ასევე უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფაში.
დეპუტატებმა ამ ინიციატივას მხარი სასწრაფო წესით დაუჭირეს და მას კენჭი ორივე მოსმენით ერთად უყარეს. კანონში შესული ცვლილებები ძალაში, სავარაუდოდ, 2027 წლიდან შევა.
https://eng.lsm.lv/article/politics/saeima/14.05.2026-youth-without-education-will-be-permitted-to-work-at-election-precincts.a647164/?utm_source=GPB&utm_medium=aep&utm_campaign=box&utm_content=logo
