პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, მისი ქვეყნის საზღვარი ბელარუსთან ახლა ევროკავშირის საუკეთესოდ დაცული გარე საზღვარია. მისივე მტკიცებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ის არავის გადაუკვეთავს უკანონოდ.
„შეგვიძლია საზეიმოდ განვაცხადოთ: მივაღწიეთ იმას, რაც ოდესღაც მხოლოდ ოცნებად გვეჩვენებოდა – 2026 წლის პირველ კვარტალში ვერცერთმა ადამიანმა ვერ შეძლო პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა“, – განაცხადა ტუსკმა ვარშავის მახლობლად, ქალაქ ოტვოცკში მესაზღვრეებთან შეხვედრისას.
ტუსკის თქმით, აღმოსავლეთ საზღვარზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის ყველაზე „კრიტიკული მიჯნა“ უწოდა, 2023 წელს დაახლოებით 12 000 უკანონო კვეთა დაფიქსირდა.
მდგომარეობას გაუმჯობესება ტუსკმა მიგრაციული ზეწოლის შემცირებით, ფიზიკური ბარიერების მოდერნიზებით და სასაზღვრო დაცვის პერსონალის მომზადების დონის ამაღლებით ახსნა.
„ამ ძალისხმევამ საშუალება მოგვცა, შეგვექმნა სისტემა, რომელმაც პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარი ევროკავშირის საუკეთესოდ დაცულ გარე საზღვრად აქცია“, – თქვა მან.
ტუსკის არგუმენტებიდან გამომდინარე, საზღვრის ეფექტური კონტროლი ჰუმანიტარული სტანდარტების შენარჩუნების გასაღებია.
„მხოლოდ საზღვრის ეფექტური დაცვა გვაძლევს საშუალებას, თავიდან ავირიდოთ ისეთი სიტუაციები, რომელთა თავიდან აცილებაც გვსურს, ანუ ვითარება, როდესაც ძალის გამოყენება ხდება საჭირო“, – აღნიშნა მან.
პრემიერ-მინისტრი ასევე გასცა დაპირება, რომ საზღვრის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, უწყებისთვის ფინანსური მხარდაჭერა გაგრძელდება.
შინაგან საქმეთა მინისტრის, მარცინ კერვინსკის ცნობით, საზღვრის გასაძლიერებლად და სამართალდამცავი უწყებების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, მთავრობამ დაახლოებით 3 მილიარდი ზლოტი (700 მილიონი ევრო, 820 მილიონი აშშ დოლარი) გამოყო.
მისივე თქმით, სასაზღვრო დაცვის თანამშრომელთა რაოდენობა დაახლოებით 15 000-დან თითქმის 17 000-მდე გაიზარდა, მომავალ წლებში კი კიდევ 3 000 ოფიცრის დამატება იგეგმება.
სასაზღვრო დაცვის სამსახურის უფროსმა, გენერალმა რობერტ ბაგანმა განაცხადა, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვარი ახლა „100 პროცენტით უსაფრთხოა“ და დასძინა, რომ მიგრაციულმა ზეწოლამ ლიეტუვის საზღვრისკენ გადაინაცვლა.
გენერალმა ბაგანმა საზღვრის დაცვის თანამშრომლები „მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად“ მოიხსენია. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია, „ყველაზე არსებითი ელემენტი მაინც ადამიანური ფაქტორია“.
https://www.polskieradio.pl/395/7784/Artykul/3687152
