ტანვარჯიშის მსოფლიო ფედერაციამ რუს და ბელარუს სპორტსმენებს ყველა შეზღუდვა მოუხსნა, რაც მათ საშუალებას აძლევს, საერთაშორისო ტურნირებს დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ და შეჯიბრებებზე საკუთარი ქვეყნების ეროვნული დროშის ქვეშ იასპარეზონ. ეს ინფორმაცია 18 მაისს თავად ტანვარჯიშის მსოფლიო ფედერაციამ გაავრცელა.
საერთაშორისო არენაზე ასპარეზობა ორივე ქვეყნის სპორტსმენებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტში აეკრძალათ, თუმცა 2024 წლის ბოლოდან მათ, ნეიტრალური მონაწილეების სტატუსით, ტურნირებში მონაწილეობის ნება დართეს.
ტანვარჯიში არ არის სპორტის ერთადერთი სახეობა, რომელმაც რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მიმართ ბოლო დროს შეზღუდვები შეარბილა. წყლის სახეობების მსოფლიო ფედერაციამ აპრილში მათ ნეიტრალური მონაწილეების სტატუსი გაუუქმა და უფროსი ასაკის მოცურავეებს ეროვნული დროშის ფერებში ასპარეზობისა და სპორტულ შეჯიბრში გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის ჰიმნის გაჟღერების უფლება მისცა, ხოლო ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (United World Wrestling) გასულ კვირას ორივე ქვეყანა ყველა ასაკობრივ კატეგორიაში სრულად აღადგინა.
შეზღუდვების გაუქმება ვრცელდება ტანვარჯიშის მსოფლიო ფედერაციის ეგიდით გამართულ ხუთივე დისციპლინაზე, კერძოდ – სპორტულ და მხატვრულ ტანვარჯიშზე, აკრობატიკასა და აერობიკაზე, აგრეთვე ბატუტზე ხტომაზე. რუსეთი ტანვარჯიშში, ტრადიციულად, ძლიერი ქვეყანაა – 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც რუსი სპორტსმენები ოლიმპიური კომიტეტის დროშით ასპარეზობდნენ, მან ორი ოქროს, ჯამში კი 10 მედალი მოიპოვა, რის შემდეგაც 2024 წლის პარიზის თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალა.
ტანვარჯიშის მსოფლიო ფედერაციას კომენტარის გაკეთების თხოვნაზე დაუყოვნებლივი პასუხი არ გაუცია.
https://www.rtp.pt/noticias/outras-modalidades/federacao-mundial-de-ginastica-levanta-todas-as-restricoes-aos-atletas-russos-e-bielorrussos_d1742057
