21 მაისს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გარკვეული საღებავებისა და კონსერვანტების შემცველი პროდუქტების მოხმარება კიბოს, დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და მაღალი არტერიული წნევის გაზრდილ რისკთან არის დაკავშირებული.
საფრანგეთის ჯანმრთელობისა და სამედიცინო კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (Inserm) ზედამხედველობით ჩატარებული კვლევის ფარგლებში, გაანალიზდა იმ საკვები პროდუქტების მოხმარება, რომლებიც გარკვეულ დანამატებს, საკვების საღებავებს (E100-დან E199-მდე), კონსერვანტებსა და ანტიოქსიდანტებს (E200-დან E299-მდე და E300-დან E399-მდე) შეიცავენ. კვლევის დროს 100 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს.
თავდაპირველად გამოვლინდა კავშირი, ერთი მხრივ, საკვების საღებავებსა და მეორე მხრივ, ტიპი 2 დიაბეტისა და კიბოს გაზრდილ რისკს შორის, ასევე, ერთი მხრივ, კონსერვანტების მოხმარებასა და, მეორე მხრივ, მაღალი წნევისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს შორის.
დადგინდა, რომ მათ, ვინც დიდი რაოდენობით მოიხმარს საკვების საღებავების შემცველ პროდუქტებს, აქვთ ტიპი 2 დიაბეტის (+38%), კიბოს (+14%) და ძუძუს კიბოს (+21%, ხოლო პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში +32%-მდე) განვითარების უფრო მაღალი რისკი მათთან შედარებით, ვინც ამ ნივთიერებებს მცირე რაოდენობით იღებს.
რაც შეეხება მათ, ვინც დიდი რაოდენობით იღებს კონსერვანტებს – კერძოდ, კალიუმის სორბატს (E202) და ლიმონმჟავას (E330) – აქვთ მაღალი არტერიული წნევის 24%-ით და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების 16%-ით უფრო მაღალი რისკი იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც მათ ნაკლებად მოიხმარს.
როგორც Inserm-ის მკვლევარმა, მატილდა ტუვიემ საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესს“ განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ამ კვლევებით თავისთავად არ მტკიცდება მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, ისინი იმ მრავალრიცხოვანი მტკიცებულებების ნაწილს წარმოადგენენ, რომლითაც ჯანმრთელობაზე ულტრადამუშავებული საკვების მავნე გავლენა დასტურდება.
მან ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული 104 კვლევიდან, რომლის ფარგლებშიც ულტრადამუშავებულ საკვებსა და ჯანმრთელობას შორის კავშირი შეისწავლეს, 93-ში „თანმიმდევი მავნე ეფექტები“ გამოვლინდა.
ამიტომ, ტუვიე მიიჩნევს, რომ „მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისად მყარ საფუძველს ქმნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დონეზე ზომების გასატარებლად.“
კვლევის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო პოლიტიკით უნდა შეიზღუდოს მოსახლეობის კონტაქტი არააუცილებელ საკვებ დანამატებთან და პრიორიტეტი გადაუმუშავებელ ან მინიმალურად დამუშავებულ პროდუქტებს მიენიჭოს.
https://www.rtp.pt/noticias/mundo/alimentos-ultraprocessados-associados-a-maior-risco-de-cancro-diabetes-e-doencas-cardiovasculares_n1742537
