აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა ადმინსტრაციამ (NASA) მთვარეზე მუდმივი ბაზის აშენების ამბიციური გეგმა წარადგინა. „არტემის II“-ის ეკიპაჟიანი მისიის ისტორიული წარმატების შემდეგ, გაჩნდა იმედი, რომ რამდენიმე წელიწადში ადამიანები ჩვენი პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრზე იცხოვრებენ და მას ადგილზე შეისწავლიან. როგორც კი ეს ფაზა დასრულდება, მარსის კოლონიზაციამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი იქნება დარჩენილი.
როგორი უნდა იყოს ცხოვრება მთვარეზე სულ რაღაც ექვს წელიწადში? – NASA-მ დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე მუდმივად დასახლებული ბაზის აშენების შესახებ გეგმები გაასაჯაროვა. რობოტიზებული დასაშვები აპარატები, მხტომელი დრონები და მთვარემავლები ბაზის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება, რომელიც დიდი ქალაქის ზომის იქნება.
ეს ამბიციური პროექტი სამ ფაზადაა დაგეგმილი. პირველი ფაზა მოიცავს მისიას დასაშვები აპარატების გამოყენებით, რომელსაც კერძო კომპანიები აფინანსებენ, რაც ისტორიაში პირველი შემთხვევაა. მეორე ფაზა მთვარის ზედაპირზე ყველაზე დიდი მასის საჭირო ტვირთის გაგზავნას ითვალისწინებს, რაც კი ამ თანამგზავრზე ოდესმე ჩაუტანიათ. მესამე ფაზა კი სამეცნიერო საქმიანობის გაფართოებას ისახავს მიზნად.
კარლოს გარსია-გალანი, პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი: „მთვარის ბაზა ასობით კვადრატულ კილომეტრზე განთავსდება და სხვადასხვა ელემენტის შემცველი იქნება, რომელთაგან თითოეული მთვარეზე მუდმივი ყოფნის უზრუნველსაყოფად შეიქმნა. ამ დროიდან 2029 წლამდე, სამუშაოები მთვარეზე საიმედო მგზავრობის უზრუნველყოფაზე იქნება ფოკუსირებული. მთვარეზე ბირთვული და მზის ენერგიით მომუშავე მუდმივი ბაზის აშენების პროგრამა მარტში გამოცხადდა, აპრილში კი „არტემის II“-ის ისტორიული მისია წარმატებით დასრულდა – ოთხმა ასტრონავტმა დედამიწიდან ყველაზე შორს იმოგზაურა და მთვარის ბნელი მხარის მიღმა იფრინა“.
ლორი გლეიზი, NASA-ს კვლევითი პროგრამების დირექტორი: „ყველაფერი, რაც გამოვცადეთ და ვისწავლეთ „არტემის II“-ის მისიის დროს – სისტემები, გუნდური მუშაობა, ოპერაციული ტემპი – აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას, მთვარეზე გრძელვადიანი ყოფნა უზრუნველვყოთ“.
ვაშინგტონის ამბიციაა, 2029 წლისთვის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე, მთვარეზე ადამიანი გაგზავნოს. ამერიკის შეერთებული შტატები ამჟამად მწვავე კონკურენციაშია ჩაბმული ჩინეთთან, რომელიც მთვარეზე ადამიანის დაშვებას 2030 წლისთვის გეგმავს.
https://bntnews.bg/news/nasa-nadyavame-se-hora-da-obitavat-lunata-do-nyakolko-godini-1395424news.html
