27 მაისს, ბორისპილში, ტაქსის დისტანციურად მართვის სისტემა წარადგინეს, რომელიც კომპანია „უკლონმა“ შეიმუშავა. ასეთი მანქანის საჭესთან მძღოლი არ ზის და ავტომობილი გარედან – ქალაქში განთავსებული დისტანციური მართვის სადგურიდან – ოპერატორის მიერ იმართება.
ამის შესახებ უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი იუწყება.
დისტანციური მართვის ტექნოლოგიის შემქმნელების თქმით, ავტომობილი აღჭურვილია სხვადასხვა ტიპის სენსორებით (მათ შორის – ექვსი სხვადასხვა სახის სენსორით), ასევე სამი საკომუნიკაციო არხით რეალურ დროში სტაბილური კონტროლის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, გამოყენებულია „სტარლინგის“ თანამგზავრული ინტერნეტი და მონაცემთა გადაცემის დამატებითი სარეზერვო არხები.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ეს ტექნოლოგია შუალედური ნაბიჯია ავტონომიური სატრანსპორტო სისტემების განვითარების გზაზე, რიმელმაც მომავალში, შესაძლოა, საქალაქო ტრანსპორტის ბაზარი გარდაქმნას.
„უკლონის“ გენერალურმა დირექტორმა, სერგეი გრიშკოვმა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ უკრაინაში ტაქსის დისტანციურად მართვის ტექნოლოგიის დანერგვა „მხოლოდ დროის საკითხია“. მისი თქმით, იმისათვის, რომ ასეთი ავტომობილები გზებზე გამოჩნდნენ, რამდენიმე ელემენტია საჭირო: ცვლილებები კანონმდებლობაში, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა და ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, აგრეთვე ტექნოლოგიური პარტნიორი და სერვისი, რომელიც ამ გადაწყვეტას მომხმარებლის აპლიკაციაში დააინტეგრირებს.
გრიშკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს შესაძლებლობა, გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელიც ასეთ სერვისს ჩაუშვებს. მისი თქმით, ამჟამად რობოტაქსების სფეროში ლიდერები აშშ და ჩინეთი არიან, ხოლო უკრაინას დისტანციური მართვის სფეროში ძლიერი ექსპერტიზა გააჩნია, რაც უპილოტო სისტემებთან სამხედროების მუშაობის გამოცდილების დამსახურებაა.
„უკლონის“ გენერალური დირექტორის თქმით, სერვისის ტესტირება, შესაძლოა, კიევში დაიწყოს. ამ დროისთვის განიხილება ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიის მარშრუტები. თუმცა, პროექტის დაწყების ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის – ყველაფერი დამოკიდებული იქნება გადაწყვეტილების მიღების სიჩქარეზე, ასევე სახელმწიფოს, საქალაქო და ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობაზე.
მან ასევე განაცხადა, რომ ტექნოლოგიას, რომელსაც კომპანია ესტონელ პარტნიორთან თანამშრომლობით ტესტავს, უკვე გავლილი აქვს სერტიფიცირება საერთო მოხმარების გზებზე გამოსაყენებლად. ავტომობილებს შეუძლიათ იმუშაონ როგორც სალონში მყოფი მძღოლის, ისე დისტანციურად მომუშავე ოპერატორის მეშვეობით, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, კონტროლის თავის თავზე აღება შეუძლია. გრიშკოვმა დასძინა, რომ განვითარების შემდეგ ეტაპს მთლიანად ავტონომიური ტექნოლოგიის მქონე მანქანების შექმნა წარმოადგენს.
ამავდროულად, ტექნიკური მხარდაჭერის კომპანია „ალფას“ სპეციალისტმა, ალექსანდრე ჩუმაკმა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ სისტემა ესტონეთის გზებზე უკვე გამოიცადა და დუბლირებული საკომუნიკაციო არხების წყალობით, უსაფრთხოდ მიიჩნევა. მისი თქმით, სიგნალის დაკარგვის შემთხვევაში, ავტომობილი, საგზაო მოძრაობის სიტუაციის გათვალისწინებით, ავტომატურად, უსაფრთხოდ ჩერდება.
ჩუმაკმა განმარტა, რომ სატესტო მანქანები ამჟამად LTE-ს მობილურ ინტერნეტს, „კიევსტარის“ ქსელს და „სტარლინკის“ თანამგზავრულ კავშირს იყენებენ. თუ ერთ-ერთი კავშირი არასტაბილური გახდება, სისტემა ავტომატურად გადადის მეორეზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ მანქანები აღჭურვილია ლიდარის სენსორებით, რომლებიც დაბრკოლებებს აანალიზებენ და საფრთხის ან კავშირის დაკარგვის შემთხვევაში, ავტომობილს ავტომატურად გაჩერებაში ეხმარებიან. ჩუმაკის თქმით, ოპერატორსა და ავტომობილს შორის სიგნალის დაყოვნება დაახლოებით 30–200 მილიწამს შეადგენს, რაც იმაზე ნაკლებია, ვიდრე მძღოლის რეაქციის საშუალო დრო.
ჩუმაკმა დასძინა, რომ საბაზო სადგურისა და ორი ავტომობილისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის პაკეტი დაახლოებით 40 000 დოლარი ჯდება. გარდა ამისა, ერთ დისტანციურ ოპერატორს მომავალში შეეძლება, ერთდროულად რამდენიმე ავტომობილი მართოს და მათ მხოლოდ რთულ სიტუაციებში დაუკავშირდეს.
უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვაზე, რა მოხდება, თუ ავტომობილთან კავშირის ყველა ფორმა გაწყდება, „ალფას“ სერვის-ცენტრის წარმომადგენელმა უპასუხა:
„მანქანა გაჩერდება. ის არ გააგრძელებს მოძრაობას, აუცილებლად გაჩერდება. ამ შემთხვევაში, ლიდარი კიდევ ერთხელ მიეცემა საშუალება, აღმოაჩინოს დაბრკოლებები და შეაფასოს, რამდენად უსაფრთხოა გაჩერება – ანუ, ფრთხილად დაამუხრუჭოს თუ ავარიული გაჩერება განახორციელოს“.
https://suspilne.media/1316997-v-ukraini-prezentuvali-taksi-akim-keruut-distancijno-ak-pracue-nova-tehnologia/
