ფრანგული გაზეთი „ლე ფიგარო“ იტყობინება, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე განხეთქილება ღრმავდება და მას შემდეგ, რაც უნგრეთის ვეტო მოიხსნა, სკეპტიკოსებად ახლა უკვე საფრანგეთი და გერმანია გვევლინებიან.
ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის მხრიდან ბლოკადის მოხსნის შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, ახალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის ხელისუფლებაში მოსვლას უნდა მოჰყვეს, „გამოაშკარავდა სხვა წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით კი საფრანგეთისა და გერმანიის, თავშეკავება, რომლებიც უნგრულ ვეტოს იყვნენ ამოფარებულნი“.
ამ წევრმა ქვეყნებმა უკვე უარყვეს ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ შემოთავაზებული გაწევრიანების „პროცედურული უკუსვლა“ და პროცესის დაჩქარებაზე უარი თქვეს. როგორც „ლე ფიგარო“ წერს, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა საკითხი კიდევ უფრო გაართულა იმით, რომ უკრაინისთვის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოვიდა. ეს წინადადება კიევმაც უარყო და კონსენსუსი ვერც ევროკავშირის წევრებს შორის ვერ ჰპოვა.
გაზეთმა ასევე ხაზი გაუსვა უკრაინის ცვალებად სტრატეგიულ პოზიციას. „უკრაინა დღეს ევროპის თავდაცვისთვის ღირებული აქტივია. თუ ევროკავშირს სურს საერთაშორისო ასპარეზზე წამყვანი როლის თამაში, მაშინ უნდა ესმოდეს, რომ უკრაინის ევროინტეგრაცია მის პოზიციებს რუსული საფრთხის წინაშე კიდევ უფრო გააძლიერებს“, – აღნიშნა უკრაინის ელჩმა ევროკავშირში, ვსევოლოდ ჩენცოვმა.
„ლე ფიგარო“ იმასაც აღნიშნავს, რომ ამჟამად უკრაინა ფრონტის ხაზის აღჭურვილობის 60%-ს თავადვე აწარმოებს, ხოლო დრონებისა და ანტიდრონების სფეროში მისმა გამოცდილებამ ინტერესი მთელ მსოფლიოში გამოიწვია.
თუმცა, გამოცემა გამოდის გაფრთხილებით, რომ პროევროპული განწყობები უკრაინაში უკვე სუსტდება. „ევროპელებმა უნდა გამოიჩინონ კრეატიულობა და უკრაინელებს რაიმე კონკრეტული სწრაფად შესთავაზონ, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს დინამიკის შემოტრიალების რისკი. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ ქართული სცენარის გამეორება“, – განაცხადა გერმანული „მარშალის ფონდის“ წარმომადგენელმა ბრიუსელში, ოლენა პროკოპენკომ.
„ლე ფიგარო“ დაასკვნის, რომ ამ რისკის შესახებ ევროკავშირის 27-ვე წევრმა იცის და გამოსავლის პოვნას ცდილობს.
წყარო: პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP (Polska Agencja Prasowa)
