2026 წლის 29 მაისს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში საზეიმოდ გაიხსნა სტრაშნიცეს (პრაღა, ჩეხეთი) კრემატორიუმის ყოფილი დირექტორის, ფრანტიშეკ სუხის მონუმენტი. სუხი მალავდა ნაციზმის მსხვერპლთა ფერფლს, რათა მათ ოდესმე ღირსეული დაკრძალვა ღირსებოდათ. მსხვერპლთა შორის იყო ესპანეთის რამდენიმე მოქალაქეც, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს პრაღის მახლობლად, ხრადიშტკოს საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპნენ. ფრანტიშეკ სუხიმ და მისმა ვაჟმა, ფრანტიშეკ სუხი უმცროსმა, საერთო ჯამში, 2200 მოკლული ადამიანის ფერფლი გადაარჩინეს. მადრიდში დადგმული მონუმენტის ავტორია ჩეხი მოქანდაკე, იაკუბ ვლჩეკი.
ფრანტიშეკ სუხი 1899 წელს დაიბადა. სტრაშნიცეს კრემატორიუმისა და ურნების პარკის მართვა მან 1932 წელს ჩაიბარა. მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებს კრემატორიუმში გადაჰქონდათ ცენტრალურ ბოჰემიაში მდებარე ხრადიშტკოს საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპული თუ მოკლული ადამიანების ცხედრები. სუხის დავალებული ჰქონდა მსხვერპლთა კრემაცია და ყოველგვარი ოფიციალური ჩანაწერის გარეშე მათი ფერფლის განადგურება.
თუმცა, სუხი ბრძანებას არ დაემორჩილა და ფერფლს ფარულად ურნებში ინახავდა. მსხვერპლთა უმეტესობა ჩეხი იყო, თუმცა მათ შორის ესპანელებიც აღმოჩნდნენ, რომლებიც ომის შემდეგ სტრაშნიცეში, საერთო საძმო საფლავში დაკრძალეს.
ესპანეთში ჩეხეთის ელჩის, ლიბორ სეჩკას განცხადებით, ფრანტიშეკ სუხისა და მისი შვილის გმირული ისტორიის შესახებ როგორც ჩეხეთში, ისე ესპანეთში ძალიან ცოტამ თუ იცის. სწორედ ამიტომ, მადრიდში ჩეხეთის საელჩოს ინიციატივითა და მადრიდის მერიასთან თანამშრომლობით, მდინარე მანსანარესის მახლობლად, „მადრიდ რიოს“ ზონაში, მემორიალი აღიმართა.
„ჩვენ შეგნებულად ავირჩიეთ „პრაღის ხიდთან“ ძეგლის განთავსება, რათა ესპანეთში პატარა ჩეხური სივრცე შეგვექმნა“, – განმარტავს ელჩი სეჩკა.
ქანდაკება იაკუბ ვლჩეკმა პრაღაში, საკუთარ სტუდია-სახელოსნოში შექმნა. თავად სუხის ფიგურის გარდა, მონუმენტზე გამოსახულია წინააღმდეგობის მებრძოლთა სახეებიც, რომელთა კრემაციაც მას მოუწია. ფრანტიშეკ სუხის ქანდაკებას ხელები გაშლილი აქვს. „ყველას აქვს გარკვეული წვდომის არეალი, საკუთარი ზღვარი. ამბობენ: გააკეთე იმდენი, რამდენიც შეგიძლიაო. სუხის საქმე, რეალურად, იწყება და მთავრდება მისი გაწვდილი ხელებით, რომლებიც მისი მემკვიდრეობის სიმძიმეს ატარებენ“, – ამბობს მოქანდაკე იაკუბ ვლჩეკი. ძეგლის სიმაღლე, პოსტამენტთან ერთად, დაახლოებით სამი მეტრია. მონუმენტის შექმნა მთლიანად კერძო დონორების მიერ დაფინანსდა.
ფრანტიშეკ სუხი 1982 წელს გარდაიცვალა. მოგვიანებით, მისმა ვაჟმა, ფრანტიშეკ სუხი უმცროსმა, მამის საქმიანობის შესახებ პროექტ „ერის მეხსიერება“ ფარგლებში ისაუბრა.
სუხის თავდადებას ასევე ეძღვნება დოკუმენტური ფილმი „ფერფლი“ , რომელიც ესპანეთის, ჩეხეთისა და საფრანგეთის ერთობლივი თანაპროდუქციაა. ფილმის პრემიერა 2025 წელს შედგა და გასული წლის შემოდგომაზე სან-სებასტიანის კინოფესტივალზეც აჩვენეს.
https://ct24.ceskatelevize.cz/clanek/domaci/v-madridu-odhalili-sochu-frantiska-sucheho-ktery-zachranoval-popel-obeti-nacismu-374008
