რუსეთი „სტარლინკის“ საკუთარი ვერსიის შექმნაზე მუშაობს და პირველი 16 თანამგზავრი „რასსვეტი“ ორბიტაზე უკვე გაუშვა. თუმცა, სამხედრო მიზნებისთვის მათი გამოყენების დადასტურებული ნიშნები ამ დროისთვის არ არსებობს.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, სერგეი (ფლეშ) ბესკრესტნოვმა განაცხადა.
„რუსეთს ესმის დედამიწის დაბალორბიტალური სატელიტების მეშვეობით მონაცემთა მაღალსიჩქარიანი გადაცემის მნიშვნელობა და სისულელე იქნებოდა, გვეფიქრა, რომ ისინი ამ მიმართულების განვითარებას არ შეეცდებიან. ეს მხოლოდ დროის საკითხია“, – აღნიშნა მან.
ბესკრესტნოვის თქმით, პროექტ „ბიურო 1440“-ის ფარგლებში, რუსეთი საკუთარ თანამგზავრულ ინტერნეტ-სისტემას ტესტავს და 16 სატელიტი „რასსვეტი“ ორბიტაზე უკვე გაუშვა.
„მონაცემთა უწყვეტი და სტაბილური გადაცემის უზრუნველსაყოფად, საჭიროა სულ მცირე 200–250 სატელიტის გაშვება. მომავალი წლების გეგმა 300 თანამგზავრის გაშვებას ითვალისწინებს, რასაც შემდგომ კიდევ 700 მოჰყვება. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, როდის და რეალურად რამდენი გაეშვება. ვადები და გეგმები მუდმივად იცვლება“, – განაცხადა უკრაინელმა სამხედრო მრჩეველმა.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ სამხედრო მიზნებისთვის რუსული თანამგზავრული ინტერნეტ-სისტემის გამოყენების დადასტურებული ნიშნები ამჟამად არ არსებობს.
„შეიძლება თუ არა, რომ გაშვებული თანამგზავრები ჩვენს წინააღმდეგ სამხედრო მიზნებისთვის უკვე გამოიყენებოდეს? თეორიულად, დიახ. სატელიტს შეუძლია მონაცემთა მაღალსიჩქარიანი გადაცემა უზრუნველყოს 6–10 წუთის განმავლობაში, როდესაც ის თავზე გადაგვიფრენს. ისინი ჩვენს თავზე დაახლოებით დღეში ერთხელ ფრენენ“, – ამბობს ბესკრესტნოვი.
მინისტრის მრჩევლის თქმით, რუსებმა „შაჰედებზე“ თანამგზავრული ინტერნეტის ტერმინალები, შესაძლოა, უკვე დაამონტაჟეს და გეგმავენ თავდასხმას, რომელიც თანამგზავრების გადაფრენის დროს დაემთხვევა.
„თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს, ორგანიზაციული თვალსაზრისით, მეტისმეტად რთულია და სანამ ორბიტაზე არ იქნება საკმარისი თანამგზავრი სტაბილური კავშირის უზრუნველსაყოფად, სამხედრო მიზნით მათი გამოყენება არ მოხდება. თუ „რასსვეტის“ სატელიტებს მოსკოვი სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებს, ჩვენ ამას თანამგზავრული ტრაფიკის, სადაზვერვო მონაცემების ან ხელში ჩაგდებული ტექნიკის საშუალებით აღმოვაჩენთ და ამის მიხედვით დავადგენთ, რა მიზნით ხდება მათი გამოყენება“, – განაცხადა მან.
„რასსვეტის“ თანამგზავრების საწინააღმდეგო ზომებზე საუბრისას, ბესკრესტნოვმა აღნიშნა, რომ ადეკვატური საპასუხო ზომები არ არსებობს.
„შეძლო თუ არა რუსეთმა, მთელი თავისი სამეცნიერო და ტექნოლოგიური პოტენციალით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რაიმეს გაკეთება „სტარლინკის“ თანამგზავრების წინააღმდეგ? ვერა, ვერ შეძლო. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ვერც ჩვენ შევძლებთ რაიმეს გაკეთებას. თუმცა, რამდენიმე ეშმაკური იდეა მაქვს გადანახული. მათი გამოცდა ჯერ ნაადრევია“, – დასძინა მან.
