დღეისთვის, თბილისში, უსახლკაროს სტატუსი 1 150-მდე ოჯახს მიენიჭა, მათგან, 450 ოჯახი უკვე დაკმაყოფილდა და სარგებლობის უფლებით საცხოვრებელი ფართი გადაეცა, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისივე თქმით, დანარჩენი ოჯახების სოციალური საცხოვრისით დაკმაყოფილება ეტაპობრივად ხორციელდება.
„2021 წელს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რომ აღნიშნული სტატუსის მქონე ყველა ოჯახს ეტაპობრივად დავეხმარებოდით. დაპირება, რომ პირველ ეტაპზე, აღნიშნული სტატუსის მქონე 400 ოჯახი მუნიციპალური საცხოვრისით იქნებოდა უზრუნველყოფილი, შესრულებულია. დღეისთვის, თბილისში, უსახლკაროს სტატუსი 1 150-მდე ოჯახს მიენიჭა, მათგან, 450 ოჯახი უკვე დაკმაყოფილდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, უსახლკაროს სტატუსის მისაღებად, თბილისში რეგისტრირებულ ოჯახს განაცხადის შევსება შეუძლია, როგორც მერიაში, ისე გამგეობაში.
„ოჯახს, უსახლკაროს სტატუსი შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ენიჭება. მერიის შესაბამისი კომისია, რომელიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, ოჯახის თითოეული წევრის შესახებ, 12-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო, მათ შორის, საფინანსო დაწესებულებაში მოძიებული ინფორმაციით ხელმძღვანელობს. უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებს, რომელთაც რიგის მიხედვით უწევთ სოციალური საცხოვრისის გადაცემა, შესაბამისი პროცედურების შესრულების მიზნით, მერიის წარმომადგენლები უკავშირდებიან, რის შემდეგ, მათთან ხელშეკრულება ფორმდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
