2 ივნისს, ლიეტუვის პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის (LRT) შესახებ კანონში კომპრომისული ცვლილებები შეიტანა, რასაც წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი პროტესტი ათობით ათასი ადამიანის მონაწილეობით.
„ახლა ჩვენ გვაქვს კანონი, რომელსაც უმრავლესობამ დაუჭირა მხარი და რომელიც LRT-ის მიერ საბიუჯეტო სახსრების უფრო ეფექტურად გამოყენებას უზრუნველყოფს“.
საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, მათ შორის პროფესიონალ ჟურნალისტთა ასოციაცია (ŽPA), ისევე როგორც LRT-ის თანამშრომელთა საპროტესტო კომიტეტი, კომპრომისულ ცვლილებებს მიესალმნენ და განაცხადეს, რომ დემონსტრაციებმა შედეგი გამოიღო და საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონტროლის დამყარების გეგმები ჩაშალა.
რა ცვლილებებია მიღებული?
LRT-ის შესახებ კანონში თავდაპირველად შეთავაზებული ცვლილებები, ძირითადად, გენერალური დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების წესის შეცვლაზე იყო ფოკუსირებული. თუმცა, გასული წლის დეკემბერში დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ, შეიქმნა ამ საკითხზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფი, რომელმაც საკანონმდებლო ცვლილებების ჩარჩოები გააფართოვა.
ზოგიერთი ყველაზე სადავო წინადადება გულისხმობდა სარედაქციო ზედამხედველობის დაწესებას და ხელშეკრულებების მთავრობასთან შეთანხმების ვალდებულებას, მაგრამ მოგვიანებით ისინი კანონპროექტიდან ამოიღეს. ახალი კანონის თანახმად, LRT-ის სამეთვალყურეო საბჭოს (ქართული ანალოგი -„სამეურვეო საბჭო“ – რედ.) წევრთა რაოდენობა 12-დან 15-მდე გაიზრდება. არასამთავრობო ორგანიზაციები სამეთვალყურეო საბჭოში დამატებითი წევრების წარდგენის უფლებას მიიღებენ, თუმცა საბჭოს წევრთა უმრავლესობას კვლავ პოლიტიკოსები დანიშნავენ. საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადა ექვსიდან ოთხ წლამდე შემცირდება და ზედიზედ მაქსიმუმ ორი ვადით საქმიანობის ლიმიტი დაწესდება. გამკაცრდება რეპუტაციისა და კომპეტენციის მოთხოვნები. LRT-ის საბჭოს ექნება უფლება, მომდევნო გენერალური დირექტორის ასარჩევად კენჭისყრა ღია ან ფარული წესით ჩაატაროს. ადმინისტრაციული საქმიანობისთვის, საბჭოს ექნება სპეციალური ოფისი. ერთსა და იმავე პირს შეუძლია, LRT-ის ხელმძღვანელის პოსტი ეკავოს ზედიზედ არაუმეტეს ორი ვადით და მისი გათავისუფლება უფრო გამარტივდება, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ ის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს ან სერიოზულ დარღვევას ჩაიდენს. ახალი დებულებები გავრცელდება LRT-ის მოქმედ ხელმძღვანელზეც, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამინდელი გენერალური დირექტორის გათავისუფლებაც უფრო ადვილი ხდება. ასევე შეიქმნება ხუთწევრიანი LRT-ის მმართველთა საბჭო. კანონში ჩაიწერა LRT-ის მისია და ვალდებულება – მან უნდა უზრუნველყოს საზოგადოების უფლება, იყოს ინფორმირებული; განამტკიცოს დემოკრატია, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, კულტურა და ენა; ებრძოლოს დეზინფორმაციას პლურალიზმის, მიუკერძოებლობისა და ადამიანის უფლებების პრინციპებზე დაყრდნობით. სარედაქციო გადაწყვეტილებები დაეფუძნება სარედაქციო პოლიტიკის ახალ სახელმძღვანელო მითითებებს, რომლებსაც რადიოს, ტელევიზიისა და ციფრული დეპარტამენტების მთავარი რედაქტორები დაამტკიცებენ.
LRT-ის თანამშრომლებისა და მედიის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციების მოწოდებების მიუხედავად, რომ გენერალური დირექტორის ამრჩევი სამეთვალყურეო საბჭო დეპოლიტიზებული ყოფილიყო, მისი შემადგენლობა მხოლოდ ნაწილობრივ შეიცვლება – მასში სამოქალაქო საზოგადოების მეტი წარმომადგენელი შევა, თუმცა საბჭოში დომინანტური მდგომარეობა კვლავ პოლიტიკური კვოტით დანიშნულ წევრებს ექნებათ.
„პარლამენტი და პრეზიდენტი სამეთვალყურეო საბჭოს 15-დან 8 წევრს წარადგენენ, რაც ნიშნავს, რომ მაუწყებლის დამოუკიდებლობას მყარი ინსტიტუციური საფუძველი“ დააკლდება, – ნათქვამია ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს (RSF) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
RSF-მა ასევე განმარტა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლა შეიძლება გამოყენებულ იქნას მოქმედი გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადასაყენებლად, რაც ევროპული მედიის თავისუფლების აქტს (EMFA) ეწინააღმდეგება. ვენეციის კომისიამ და RSF-მა, რომლებმაც ცვლილებების უკან გაწვევა მოითხოვეს, ხაზი გაუსვეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლების მმართველი სტრუქტურები პოლიტიკური ჩარევისგან დაცულები უნდა იყვნენ.
LRT-ის გენერალურმა დირექტორმა, მონიკა გარბაჩაუსკაიტე-ბუდრიენემ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ცვლილებები, მათ შორის ახალი მმართველთა საბჭო, „გადამხდელებს წელიწადში დამატებით 300 000 ევროდ დაუჯდებათ, ამასთანავე უფრო დამძიმებული და ნელი გახდება გადაწყვეტილების მიღების პროცესი“.
„LRT-ის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა შესუსტდა, ხოლო მისი მართვა სრულიად ზე-ბიუროკრატიზებული გახდა“, – დაწერა მან სამშაბათს ფეისბუქზე და დასძინა, რომ იმედოვნებს, ოპონენტები ამ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

რატომ ხდება ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელში?
გასულ წელს პოლიტიკოსებმა პირველად გამოაცხადეს, რომ გენერალური დირექტორის გადაყენების პროცედურის გამარტივებას გეგმავდნენ და განმარტეს, რომ ეს კეთდებოდა ფინანსური აუდიტის პასუხად, რომელმაც ხარვეზები გამოავლინა.
აღსანიშნავია, რომ აუდიტმა ადმინისტრაციული ცვლილებების რეკომენდაცია ნამდვილად გასცა, თუმცა უფრო მკაცრი სარედაქციო ან მენეჯერული კონტროლი არ მოუთხოვია.
კრიტიკოსების თქმით, კანონმდებლები დირექტორის გადაყენებას იმ ბრალდებების ფონზე ცდილობდნენ, რომლის მიხედვითაც, LRT უფრო კრიტიკული იყო „სოციალ-დემოკრატების“ ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობისა და ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც მმართველი კოალიციის ფორმირებაში აქტიური როლი ითამაშა.
თუმცა, ადრინდელმა აუდიტმა LRT-ის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტში ხარვეზები ვერ აღმოაჩინა. სამაგიეროდ, თავად ასეთი მოკვლევის დაწყების გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს და სარედაქციო გადაწყვეტილებებზე პოლიტიკური ზედამხედველობისა და თვითცენზურის წახალისებად შეაფასეს.
რამდენად დიდი იყო წინააღმდეგობა?
საპროტესტო აქციები გასული წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის აპრილამდე გაგრძელდა; პოლიციისა და მედიის შეფასებით, შედარებით ფართომასშტაბიან მიტინგებზე 10 000-დან 30 000-მდე ადამიანი იკრიბებოდა. პეტიციას ხელი 145 000-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა, რაც მას ქვეყანაში დღემდე ყველაზე პოპულარულ ონლაინ პეტიციად აქცევს.
ბევრი მათგანი, ვინც ქუჩაში გამოვიდა, აცხადებდა, რომ ეს ცვლილებები წარმოადგენდა ანტიდემოკრატიული რეფორმების ნაწილს, რომლებსაც მოქმედ მთავრობაში მყოფი პოპულისტები, „სოციალ-დემოკრატების“ ხელმძღვანელობით, ატარებდნენ.
2026 წლის აპრილში, ევროპარლამენტმაც მიიღო რეზოლუცია, რომელიც კანონპროექტს აკრიტიკებდა, ხოლო ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) წევრებმა, ამ ცვლილებების სრულად გაუქმება მოითხოვეს.
https://www.lrt.lt/en/news-in-english/19/2948278/lithuanian-parliament-adopts-softened-lrt-changes-following-protests
